“მჯერა, რომ პარტიარქი შემთხვევით არაფერს ამბობს” _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ილია მეორის ინიციატივა საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენის თაობაზე “დასაფიქრებლად ნამდვილად ღირს”:
“კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი”, — თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე და იმ გამოხმაურებების შემდეგ, რაც ამ ქადაგებას მოჰყვა, მე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა, იმდენჯერ მოვისმინე, გულდასმით და ყურადღებით, ჩვენი ერის სულიერი მამის სიტყვები, რომ თითქმის ზეპირად დამამახსოვრდა…
„იქნებ გვეფიქრაო“, ბრძანებს პატრიარქი და ეს საკითხი, საკონტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, ცხადია, არ უკავშირდება.
რაც შეეხება იდეას, იგი სამეფო ტახტის გაუქმების შემდეგ სულ არსებობს საქართველოში. ადრეც იყო და ახლაც არის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ეს იდეა აერთიანებს. პირდად მე, მჯერა, რომ პარტიარქი შემთხვევით არაფერს ამბობს, საკითხი დასაფიქრებლად ნამდვილად ღირს, და თავად იდეის ავტორმა ჩვენზე უკეთ იცის, რომ ამ საკითხის მომზადებას წლები და ხალხთან მუშაობა დასჭირდება.
„უფალი მეფობს“ და როგორ გაგრძელდება ეს საკითხი, ესეც უფლის ნებაა. საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენი ქვეყანა, მაშინ იყო ყველაზე ძლიერი, როცა საერო და სასულიერო ხელისუფლებას კარგად ესმოდათ ერთმანეთს. მე ვფიქრობ, დღეს ჩვენს ხელისუფლებას ჩვენი სულიერი მამის უდიდესი სიყვარული აქვს და მისი ზედმიწევნით კარგად ესმის, რაც იმედს მაძლევს, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბედნიერი მომავალი ექნება” _ აღნიშნა ჩვენტან საუბრისას ენძელა მაჭავარიანმა.