დღეს „არტ გალერეა ვაკეში“ მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პერსონალური გამოფენა „რე“ პრეფიქსი გაიხსნა.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას ლიკა ქავჟარაძის მეგობარი მაკა ამბობს, გამოფენაზე გაზაფხულის შემდეგ შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი.
გალერისტის და საღამოს ორგანიზატორის, ეკატერინე რაისნერის თქმით, გამოფენის ჩატარება მსახიობის უდიდესი სურვილი იყო.
„ამ საღამოს ჩატარების იდეა დიდი ხნის წინ ლიკას გაუჩნდა. მას უნდოდა გამოფენის გაკეთება და ეძებდა საგამოფენო სივრცეს. მისმა მეგობარმა მაკამ მიაწოდა იდეა რომ გამოფენა აქ ჩატარებულიყო. მეგობრის მეშვეობით სივრცის დათმობა მთხოვეს გამოფენისთვის, მოგვიანებით, შემთხვევით ერთ-ერთ დაბადების დღეზე შევხვდით, სადაც უკვე ოფიციალურად შევთანხმდით. პარასკევს, 6 ოქტომბერს, ჩვენ უკვე გამოფენის გაკეთების შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ლიკა გარდაიცვალა. სამწუხაროა, რომ არ არის ჩვენთან ერთად“,_ამბობს რაისნერი.
მისივე თქმით, ლიკა ქავჟარაძის ნამუშევრები გამოფენაზე მისულმა ხელოვნებათმცოდნეებმა და მხატვრებმა შეაფასეს.
„ის როგორც მხატვარი შედგა. მას სურდა, რომ თავი როგორც მხატვარს ისე ეჩვენებინა და არა როგორც მსახიობს. მისი ნამუშევრები შეაფასეს ხელოვნებათმცოდნეებმა, მხატვრებმა, მისმა მეგობრებმა და ყველა აბსოლუტურად არის ბედნიერი, რომ ლიკას სული აქ ტრიალებს. ლიკა ძალიან გაიხარებდა, რომ ენახა ჩვენ ასე აღფრთოვანებულები ვართ მისი ნამუშევრებით“,_ამბობს ვაისნერი.
საღამოს ორგანიზატორის თქმით, გამოფენა 26 ოქტომბერს მსახიობის დაბადების დღეზე საზეიმოდ დაიხურება.
„სულ არის 24 ნამუშევარი წარმოდგენილი და გამოფენა 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მის დაბადების დღეზე საზეიმოდ დავხურავთ და ჩავატარებთ პატარა აუქციონს. თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული პორტრეტები, რომლებიც ლიკას მიუძღვნეს, გაიყიდება“,_ამბობს ვაისნერი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვნეს.
როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, მსახიობი 58 წლის ასაკში გულის შეტევით დაიღუპა.