საპროკურორო საბჭო დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას მართავს. გასაუბრებამდე საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა “ევროპული საქართველოს” მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ _ მიზეზი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი გახდა, რომელიც მისი თქმით, არადემოკრატიულ პირობებში მიმდინარეობს.
ამჟამად მთავარი პროკურორობის პოსტისთვის ბრძოლას ორი კანდიდატი განაგრძობს ესენია: ნინო გოგნიაშვილი და შალვა თადუმაძე.
შალვა თადუმაძე მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. იგი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი იყო და ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე იკავებს. ამასთან, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თადუმაძის შვილის ნათლიაა.
“ქართული ოცნების” წევრები თადუმაძეს სამართლიან და პრინციპულ ადამიანად მოიხსენიებენ და არ მალავენ, რომ კენჭისყრისას თადუმაძის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის კადრი გადაიბარებს .
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე “გურია ნიუსთან” მთავარი პროკურორის შერჩევის არაეფექტურ მეთოდზე საუბრობს. მისი თქმით, კანონი, რომლითაც მთავარი პროკურორი შეირჩევა, სამართლიანი არჩევის პროცესს ვერ უზრუნველყოფს.
“რა თქმა უნდა, მთავარი პროკურორის პოსტს შალვა თადუმაძე ჩაიბარებს. შალვა შავგულიძეს რომ შანსი არ ჰქონდა, ეს თვითონაც კარგად იცოდა. ყველაფერი კეთდება ისე, როგორც უნდა უმრავლესობას. საპროკურორო საბჭო ისე არის ფორმირებული, რომ ბუნებრივია, გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც სურს უმრავლესობას.
ზოდად, თუ მთლიანად სისტემა არ შეიცვალა შალვა თადუმაძე იქნება, შალვა შავგულიძე თუ ვინმე წმინდანს მოიყვანენ იქ, ერთი ადამიანი პროკურატურას ვერ გააკონტროლებს. სისტემაა თავად პრობლემა და უბედურებაა ის არის, რომ ჩვენ სისტემაში ვეძებთ პრობლემას.
თუ გვინდა რეალური ცვლილებები განხორციელდეს, მაშინ მთლიანად სახელმწიფო სისტემა უნდა შეიცვალოს”,_ გვითხრა ძაბირაძემ.
დღეს საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის ერთ კანდიდატს შეარჩევს და მხარდასაჭერად მთავრობას გადაუგზავნის. ამის შემდეგ კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
შალვა თადუმაძის და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურები _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.