აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. აშშ-ის ელჩის თქმით, ძალიან დიდი სამუშაო გატარდა იმისთვის, რომ პანდემიის მიუხედავად ხმის მიცემა უსაფრთხოდ წარიმართოს.
„უბრალოდ, მოვუწოდებდი ხალხს, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია, მაგრამ გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი ხმა. შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს, რომ ამ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ჩOVID-19-ის პანდემიის მიუხედავად ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. საბოლოო ჯამში, ამ არჩევნების წარმატება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. იმედი გვაქვს, ქართველები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმა საარჩევნო ყუთთან დაფიქსირდება“, – აღნიშნა დეგნანმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ ჰყავს თუ არა აშშ-ს ამ არჩევნებზე ფავორიტი და რა შემთხვევაში აღიარებს ვაშინგტონი შედეგებს.
„ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ უნდა მართოს ქვეყანა. შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი. ჩვენ არ გვყავს ფავორიტი პარტია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ქართველი ხალხი ლეგიტიმურად აირჩევს. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე“, – განმარტა ელჩმა.