საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.