როგორც ცნობილია, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, გურიაში საკმაოდ დაბალია აქტივობა.
ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა გულღიად საუბრობს , რა შეიძლება იყოს ვაქცინაციის შეყოვნების და პირიქით, ხელშემწყობი მიზეზი.
დარია ჩავლეშვილი, ოზურგეთის მკვიდრი: აცრა აუცილებელია, ოღონდ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რა აწუხებს ადამიანს. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. ხარისხიანი უნდა იყოს ვაქცინა.
შოთა მახარაძე, ცხემლისხიდის მკვიდრი: აუცილებლად გავიკეთებ. სხვანაირად არ შეიძლება.
ტარიელ აროშიძე, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი: როგორც კი დადგება ჩემი რიგი და მეტყვიან, მაშინვე გავიკეთებ. თუ გვინდა გადავრჩეთ, ასე უნდა მოვიქცეთ ყველა.
ავთანდილ ბურჭულაძე, ოზურგეთის მკვიდრი: არ უნდა გავიკეთოთ. მე მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ასაკოვნები განსაკუთრებით ვერ უძლებენ. პანდემიას სხვა მხრივ უნდა ვებრძოლოთ. მუდამ გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ სისუფთავე, მოვერიდოთ ერთმანეთს.
გია მამაკაიშვილი: აუცილებლად გავიკეთებ აცრას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს თავზე უფრო შვილიშვილებს ვუფრთხილდები.
როზა წიტაიშვილი, ოზურგეთის მკვიდრი: აცრა აუცილებელია და ყველა მოქალაქემ უნდა ჩაიტაროს. ოღონდ სათანადო პროტოკოლის შედგენის შემდეგ. ადამიანი უნდა იქნეს გამოკვლეული, რაიმე ავადმყოფობა ხომ არ გადაიტანა. უნდა დაზუსტდეს, მისი ჯანმრთელობის სრულყოფილი სურათი. ვაქცინაცია უნდა იყოს ხარისხიანი. მე პირადად გადავიტანე კორონა და ძალიან დამთრგუნველია ეს პროცესი. ვიმეორებ, აუცილებელია აცრა, ოღონდ აღნიშნული წესების დაცვით, რაზეც ვისაუბრე.
გოგა ტრაპაიძე, ოზურგეთის მუზეუმის დირექტორი: თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, ყველამ უნდა გავიკეთოთ. მე უყოყმანოდ გავიკეთებ.
თემურ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მერიის თანამშრომელი: რა თქმა უნდა, გავიკეთებ, როცა მომიწევს.
გოჩა კილაძე, სილაურის მკვიდრი: პრობლემა არაა, როცა მომიწევს, გავიკეთებ.
ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მაია ქუტიძის თქმით, ამ კვირაში ვაქცინა არ გაკეთებულა.
“მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ დროისთვის (25 მარტი) რეგისტრაცია რამდენიმე ადამიანმა გაირა.
ყველამ ვიცით, რომ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა ახალგაზრდა. შიშის სინდრომი იყო მედიცინის მუშაკებშიც. მინდა ვთქვა, რომ ყველანაირი ინფორმაცია გავრცელებულია AstraZeneca-ს შესახებ. მე ვფიქრობ, იმ კვირიდან აქტიურად გაიკეთებენ ვაქცინას. თან, 25 მარტიდან 65-წელს ზემოთ იწყება ვაქცინის გაკეთება. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 26 ადგილია, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება.
ცნობილი ექიმი ნანა ტრაპაიძე ვაქცინის გაკეთებას ამ კვირის დასაწყისში აპირებდა, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დროებით ვაქცინაციის პროცესი შეჩერებულია.
ნანა ტრაპაიძე: მე, პირადად, აზრი არ შემიცვლია და ველოდები ჩემი კოლეგებისგან პასუხისმგებლიან გადადგმულ ნაბიჯს. მეტი გზა არ არსებობს, რომ ეს ვირუსი განადგურდეს და დავამარცხოთ. ვაქცინის გაკეთება არის აუცილებელი. ერთი ფლაკონით 10 ადამიანი იცრება და ველოდები ამ ციფრის შევსებას.
ყველაფერი არის მზად კლინიკაში, რომ ვაქცინა გაკეთდეს და მხოლოდ ჩვენზეა დანარჩენი დამოკიდებული. თუ ვაქცინას არ გავიკეთებ, კორონავირუსი არც 2021 წელს წავა და ვერც 2022 წელს, ივლის ასე ეს პატივცემული ვირუსი და არაერთ ადამიანს გაანადგურებს.
ქალაქ ოზურგეთში მდებარე კლინიკა “მედალფას“ დირექტორმა, დათო მდინარაძემ ჩვენთან საუბარი ასე დაიწყო: კორონავირუსის გამო საქართველოში 3500 ადამიანი დაიღუპა და აქედან გამომდინარე, ვაქცინის გაკეთება არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
მსოფლიოში არის პანდემია. პანდემია უნდა დამარცხდეს მედიკამენტის საშუალებით ან კიდევ ვაქცინის საშუალებით. მოკლე დროში ბრიტანეთმა შექმნა ეს ვაქცინა, რომელსაც ქვია AstraZeneca, ლიცენზია მისცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. ეს ვაქცინა აპრობირებულია, ლიცენზია მიცემულია და არაერთი ქვეყნის მოსახლეობამ გაიკეთა უკვე.
მე, პირადად, გავიკეთე, რადგან, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ვირუსი და ყველას მოგვეცეს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების საშუალება; მე ვარ ექიმი და აქედან გამომდინარე, უნდა ვყოფილიყავი მაგალითი გურიაში მცხოვრები ადამიანებისთვის და ჩემი კლინიკის თანამშრომლებისთვის. სხვანაირად ვერ მოხდება ამ ვირუსის დამარცხება. ამ ვირუსმა არაერთი ჩემი მეგობრის და ახლობლის სიცოცხლე შეიწერა, რომლებსაც არანაირი დაავადება არ ქონდა. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ქვეყანაში არის მძიმე მდგომარეობა.
ამ ეტაპზე ოზურგეთში 20 ადამიანს აქვს გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
“აცრის გაკეთების დროს ახალციხეში გარდაიცვალა ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა. ამის შემდეგ მოსახლეობაში შიში გამძაფრდა და თავს იკავებენ.
ეს შეჩერებული პროცესი ვიცი, რომ ძალიან მალე აღდგება. უკვე სამედიცინო პერსონალის აცრის პარალელურად იწყება 65 წლის ასაკის პირების აცრა. პირადად, მამაჩემი მზად არის და ემზადება ამ პროცესისთვის“.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად მზად არის კლინიკა იმისთვის, რომ ვაქცინის გაკეთება გართულებების გარეშე მოხდეს.
“ვაქცინა უნდა გაკეთებულიყო გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, მაგრამ ახალი დადგენილებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ოზურგეთში, კლინიკა “მედალფაში“ ჩატარდება კორონავირუსზე ვაქცინაცია.
ვაქცინაციის ცენტრი აღჭურვილია სათანადოდ და ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც პროტოკოლითაა დადგენილი _ სამედიცინო აქსესუარები, აპარატურა, მედიკამენტი, სამედიცინო პერსონალი და ა.შ. ასევე, 45 წუთის განმავლობაში, ახალაცრილებთან იქნებიან რეანიმატოლოგები“, – აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს დათო მდინარაძემ.