საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს _ მათ 100 საპრივატიზაციო ობიექტი გამოაქვთ აუქციონებზე.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტ ბახმაროში სასტუმროს კომპლექსის ასაშენებლად გამოტანილია მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს სასტუმრო “ბახმაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა “გურია ნიუსთან“ საუბრისას პროექტს დადებითად აფასებს:
“უპრეცედენტო პრივატიზაციის წამოწყებას, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის შედგენა მთლიანად სახელმწიფოს, ანუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეროგატივაა. ამ კონტექსტში განიხილება სახელმწიფო საკუთრებაში მიწის ნაკვეთის საკითხიც“, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
კითხვაზე, რამდენად გამჭვირვალე იქნება აუქციონის პროცესი, ირაკლი კუჭავა გვპასუხობს:
“დარწმუნებული ვარ, პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე, რაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდის ტენდენციას“.
კომპლექსი განთავსებულია 12 588 კვადრატულ მეტრზე. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი 2 537 400 ლარია.