საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო.
„ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა.
ქედს ვიხდი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ამავე დროს, დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია, მუხლჩაუხრელი შრომა, იმ მიზნების მიღწევა, რაც არის დაგეგმილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომა იქნება გარანტია იმისა, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ რუსულ ოკუპაციას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიდი შეცდომაა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე შესაბამისი და სწორი აქცენტი არ ისმებოდა.
„ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ქართული მოსახლეობის დევნა დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში. 2008 წელი იყო შემდეგი ეტაპი. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის.
დიდხანს ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს სამწუხაროდ ძალიან ხილული იყო. ისინი, ვინც ამ თემაზე სპეკულირებენ, აზიანებენ ჩვენო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში. ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები.
მინდა, მოსახლეობას მივმართო, ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს სანუკვარ მიზნამდე და მოვახდენთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას“, – აღნიშნა პრემიერმა.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.