„შეჭრაზე პარლამენტში გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ხალხმა ეს სპონტანურად თვითონ გააკეთა. ხალხი არის გაბრაზებული და ერთობლივი გადაწყვეტილება არავის არ მიუღია. ჩვენ ვცდილობდით, რომ ხალხი დაგვეშოშმინებინა. ხალხი არის ძალიან გაბრაზებული. ხალხი გია ბარამიძეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ არ მოუყვანია. ჩვენ ყველანი მოვედით ჩვეულებრივი მოქალაქეები. არ გავჩერდებით, ვაპირებთ კონსტიტუციური, მშვიდობიანი და კანონით დაშვებული გზის გამოყენებას“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ხალხს უნდოდა საქართველოს პარლამენტში შესვლა: „იმისთვის, რომ ის უწმინდურობა გაიწმინდოს. რუსის დროშა რომ დაგვახურეს თავზე. პუტინის საცეცი და მეტაზტაზი რომ დაგვასვეს თავზე. საქართველოს პარლამენტში რომ ჩვეულებრივი ადამიანები შევიდნენ რამე დაემართება ამ პარლამენტს? იმაზე უარესი ვიდრე გავრილოვი იყო შესული“- განაცხადა ბარამიძემ.
რაც შეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის გვერდზე იდგება:
„ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ვიყოთ ხალხთან ერთად და არ მოვცილდეთ ხალხს. ჩვენ ვართ მოქალაქეები, მაგრამ ამავდროულად გვაქვს სხვა პასუხისმგებლობა. როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს. ვეცდებით, მშვიდობიანად წარიმართოს პროცესები, მაგრამ ეს ხელისუფლება აღარ და ვეღარ დარჩება, ბოლომდე ჩამოიხადა ნიღაბი“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, ეს არ არის პარტიული აქცია: „აქ მოვიდნენ ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქეები ვინც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ამ მოღალატური ნაბიჯის გამო. ამაზე მეტი მორალურად, ემოციურად სიმბოლურად რა შეურაცხოფა უნდა მიაყენოს ქართულ სახელმწიფოს ივანიშვილმა. პირდაპირ პუტინი უნდა მოეყვანა და დაესვა საქართველოს პარლამენტის დარბაზში? “- განაცხადა ბარამიძემ.