“ჩემი პროფესია ყოველთვის იყო მუსიკის მასწავლებელი“, _ ასე დაიწყო “გურია ნიუსთან“ საუბარი 80 წლის ნელი გოლიაძემ, რომელიც 20 წელზე მეტხანს ასწავლიდა ქართულ ხალხურ-ქართულ სიმღერებს მთისპირის საჯარო სკოლაში.
განათლების სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში ნელი გოლიაძე პენსიაში გავიდა და ახლა მხოლოდ ქალაქ ოზურგეთის გ. კილაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში არის დაკავებული თავისი პროფესიით.
ნელი გოლიაძე: დავიბადე 1940 წელს, წალენჯიხიდან ვარ წარმოშობით და იქ დავამთავრე საშუალო სკოლა, რის შემდეგ სწავლა გავაგრძელე სამუსიკო სასწავლებელში. მიუხედავად სასწავლებლის ლექტორის თხოვნისა, მაინც მშობლიურ წალენჯიხაში დაბრუნება გადავწყვიტე, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ.
ერთ-ერთი ლექტორი დიმიტრი კვაჭანტირაძე კონსერვატორიაში მპირდებოდა სწავლის გაგრძელებას. მეუბნებოდა, შენი ნიჭის პატრონს, რა უნდა სოფელშიო. მე კი არ დავუჯერე მას, რადგან იმ დროს, ხალხს შეხედულება სხვანაირი ჰქონდა მუსიკალურ განათლებაზე, ასე ფიქრობდნენ, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს გავაკეთებდი. სასწავლებელთან ახლო მქონდა ბინა. გამოვიდოდი ბინიდან, წავიდოდი მხოლოდ ლექციებზე. მეგობარი მყავდა, კახეთიდან ძიძიკაშვილი დალი, ერთად ვიყავით ბინაში და სასწავლებელში.
სოფელში უფრო მქონდა თავისუფალი დრო. ბავშვობაში ფანდურს, ჩონგურს ან კიდევ გიტარაზე ვუკრავდით მეგობრები.
ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვფიცავ, ისე გავიზარდე, შუქი არ გვქონდა და გაზი. შუა ცეცხლის კერიაზე გავიზარდე. ხანდახან ბლის ხეზე ავიდოდი, ავიტანდი წიგნს და ხმამაღლა ვკითხულობდი.
ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე და როგორ აისრულა ოცნება გათხოვების შემდეგ.
“ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი წალენჯიხაში. გურამ გოლიაძე არის ქორეოგრაფი, ერთმანეთი საბავშვო ბაღში გავიცანით. შემდეგ ერთმანეთს შევხვდით შემთხვევით წალენჯიხის ერთ-ერთ სკოლაში _ არ დავინახე იქაც?! თურმე, ჩემი ბედი იყო. შემდეგ გავესაუბრეთ ერთმანეთს. ჩემს დაბადების დღეზეც დავპატიჟე… მერე იყო შეყვარება და დაოჯახება.
გათხოვების შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში, ჩემი მეუღლე მეხმარებოდა ყველანაირად. თბილისში ჩვენს ნათესავთან ვიყავით ბინაში. ჩემი ნათესავი მეხმარებოდა ბავშვის აღზრდაში. ადვილი არ იყო, ეს ყველაფერი, რადგან ოთხ საგანში ვმეცადინეობდი.
ქალბატონი ნელი, მთელი ცხოვრებაა, ქართული ხალხურის სიმღერების შესწავლას და პოპულარიზაციას ეწევა.
„არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ, არ მგონია, ვინმეს ეწყინოს. 60 წელია ვმუშაობ და ჩემი პენსია არის 200 ლარი… ეს ასე უნდა იყოს? ერთი შვილი გერმანიაში მყავს და სულ მენატრება. მინდა საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს და არ გადიოდნენ ახალგაზრდები ქვეყნიდან. იქ ისეთი ცხოვრება არის, აქეთ, აბა, როგორ წამოვლენ ჩვენი ახალგაზრდები?! ძალიან მძიმედ განვიცადე სკოლიდან წამოსვლა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა. 20 წელი ვიმუშავე მთისპირის საჯარო სკოლაში. ბავშვები, რომლებსაც ვასწავლი სიმღერას, ვიტამინებზე მეტია ჩემთვის. სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ სპონსორს ვნახავთ, რომ სოფელში ისევ გააგრძელო ხალხური სიმღერების შესწავლაო. და ბოლოს, მინდა გითხრათ, ყველა ბედნიერად მიმაჩნია, ვინც გრძნობს ფოლკლორის სიყვარულს და ძალას“, _ გვითხრა საუბრის დასასრულს ქალბატონმა ნელიმ.
ნელი და გურამ გოლიაძეებს ჰყავთ ორი შვილი: ლელა და გოჩა და ხუთი შვილიშვილი.
“გურია ნიუსი“ ნელი და გურამის ცხოვრების შესახებ ვიდეო რეპორტაჟს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებს.
პ.ს. ნელი გოლიაძემ “გურია ნიუსის“ მკითხველისთვის პიანინოზე ერთ-ერთი მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა. მისი თქმით, პიანინოზე წლებია არ დაუკრავს.