ციხის ყოფილი თანამშრომელები ლადო ბედუკაძეს ხელს ადებენ და ჩვენებებში ყვებიან, რომ პატიმართა დამამცირებელი მოპყრობის ბრძანებას ბედუკაძე პირადად გასცემდა.
სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად ბრალდებული დავით აბდუშელიშვილი 6 თვეა, პატიმრების წამებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებითაა დაკავებული. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა, მიიჩნევს, რომ განსასჯელის სკამზე მისი ყოფილი უშუალო უფროსი, ციხის იმდროინდელი ცვლის მორიგე-ინსპექტორი, ვლადიმერ ბედუკაძეც უნდა იჯდეს.
დავით აბდუშელიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 9-ტომიან საქმეში ციხის სკანდალური კადრების ავტორის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა. ბევრ დოკუმენტთან ერთად კი არსებობს მამხილებელი ჩვენებებიც, სადაც ბედუკაძის არაადამიანურ მოპყრობებზეა საუბარი.
მანანა აფხაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უშუალოდ იყო შემსწრე, როგორ აშიშვლებდა მისი უფროსი ბედუკაძე პატიმრებს და ტანისამოსის და პირადი ჰიგიენის ნივთების გარეშე, კარცერში დღეების განმავლობაში ტოვებდა.
მანანა აფხაძის ინფორმაციით, ბრალდებულ აბდუშელიშვილის გარდა, ვლადიმერ ბედუკაძის დანაშაულებს სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებიდან ამოღებული დოკუმენტებიც ამხელს. მაგალითად, პატიმრების კარცერში განაწილების აღმრიცხველი ჟურნალი, სადაც ბედუკაძის მორიგეობის დღეებში დასჯილი მსჯავრდებულების რაოდენობა მითითებული არ არის. აფხაძის აზრით, ბედუკაძე მონაცემებს განზრახ მალავდა.
დავით აბდუშელიშვილის ადვოკატი ეჭვობს, რომ გამოძიება განზრახ მალავს ბედუკაძის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარ მტკიცებულებას – ციხის შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს. მანანა აფხაძე დარწმუნებულია, რომ ბედუკაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მის მფარველობას კი პროკურატურა უარყოფს. საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ კონკრეტული პატიმრების წამების საქმეზე ის ადამიანები მისცეს პასუხისგებაში, ვის მიმართაც მტკიცებულება ჰქონდათ.
წყარო: რუსთავი2