“სათქმელი მართლაც ძალიან ბევრია, მაგრამ თავს ვიკავებ იმ მიზეზით, რომ ჩემმა ოზურგეთელებმა არ იფიქრონ, თითქოს წაგებულის პოზიციიდან ჩასაფრებული ვსაუბრობდე” _ წერს სოციალურ ქსელში ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგლარ სიორიძე და ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ნარგავების გადაჭრას ეხმაურება:
“ღმერთია მოწამე, აგერ უკვე 4 თვეა, რაც არჩევნებში “დავმარცხდი” და არც ერთი სიტყვა არც სადმე მითქვამს და არც სადმე დამიწერია გარკვეული მიზეზების გამო. ეხლა რომ არაფერი ვთქვა, ნამდვილად მტერი უნდა ვიყო ჩემი ქალაქის _ რა მნიშვნელობა აქვს მერი ვიქნები, ბიზნესმენი თუ რიგითი ოზურგეთელი.
არც მეტი, არც ნაკლები დღეს მიადგნენ და გადაჩეხეს უნიკალური ჯიშის მარადმწვანე ემენიუსის ბუჩქები, რომლის გაზრდასაც ნამდვილად გადავყევით 2 წლის მანძილზე.
მიზეზი ის გახლავთ, თითქოს ხელს უშლიდა მოძრაობას. ნუთუ ასე წავიდა ოზურგეთის საქმე _ ამასაც დაიჯერებენ? როგორ შეიძლება გამწვანებული გზაგამყოფი (ევროპაში და ამერიკაში წასვლა არაა საჭირო, აგერ ბათუმამდე ჩაბრძანდით და ნახეთ გზაგამყოფი) აფერხებდეს მოძრაობას მაშინ, როცა ის ცალმხრივი გახდა როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებითაც, თან გამწვანების სიმაღლე სულ 80 სმ-ია.
რაოდენ სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ამ უძვირფასესი ბუჩქების გაჩეხვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის გაშენდა წინა ხელისუფლების დროს, ანუ იმ დროს, როცა მე გახლდით ქალაქის მერი.
დიახ, ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ჩვენს ქალაქში, რომლითაც ნამდვილად ამაყობდა ოზურგეთელები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს სოლიდური თანხა დაჯდა ოზურგეთის ბიუჯეტიდან.
მართლაც და თავზე ვევლებოდით ამ მარადმწვანე ბუჩქებს და ველოდებოდით როდის გაიზრდებოდა და შესაძლებელი გახდებოდა მისი გაკრეჭა-ფორმირება, მაგრამ სწრედაც ამ დროს ლამის ძირში მოჩეხეს ეს უნიკალური ჯიშის ბუჩქები.
სათქმელი მართლაც ძალიან ბევრია, მაგრამ თავს ვიკავებ იმ მიზეზით, რომ ჩემმა ოზურგეთელებმა არ იფიქრონ, თითქოს წაგებულის პოზიციიდან ჩასაფრებული ვსაუბრობდე. დარწმუნებული ვარ მიიღებენ შესაბამის ზომებს ის ადამიანები, ვისაც ეს ევალებათ და სულერთი არ არის მათთვის ოზურგეთის ბედი,” _ წერს ბეგლარ სიორიძე.
ამავე თემაზე: რას აპროტესტებენ ოზურგეთის საკრებულოს წევრები ოზურგეთის ცენტრში (ვიდეო)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაზონების ჭრის საკითხს ეხმაურება
მარადმწვანე ჭანჭყატის გაკრეჭა თუ გაჩეხვა _ ოზურგეთის ცენტრში გაზონებს შეესივნენ