ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ჩოხატაურში, ბექა გამდლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„ნიკანორ მელიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება არის სიცრუის ტირაჟირების უმაღლესი გამოვლინება. როგორც იტყოდნენ შუბლძარღვგაწყვეტილი ადამიანისთვის მარტივია ცხოვრება. სწორედ ამ პოზიციაში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი.
ეწ „მესიჯბოქსი“ ერთია წლების განმავლობაში. უაპელაციოდ მიაყენონ შეურაცხყოფა, ესროლონ ტალახი ყველას, ვინც არ იზიარებს მათ მახინჯ მსოფლმხედველობას. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსი იქნება ეს ადამიანი, საჯარო მოხელე თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი.
სწორედ მსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როდესაც მან გურიის მაჟოროტარ დეპუტატზე გააკეთა განცხადება და ვფიქრობ, რომ ამის მოტივატორი იყო მხოლოდ 2020 წლის არჩევნები, სადაც გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდნენ გურიაში „ნაცები“,_ წერს სოციალურ ქსელში ბექა გამდლიშვილი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გუშინ გადაცემა “რეაქციაში” თქვა, რომ გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ მას ექვსჯერ დაურეკა და შეპირდა, რომ მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერდა; თუმცა, ასე არ მოხდა და “ჩიგოგიძემ ღილაკი კინაღამ ჩატეხა, ისე დააჭირა ხელი“.
გარდა ამისა, მელიამ ისიც თქვა, რომ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ უნდა ეყარა კენჭი, მაგრამ, როგორც მელიამ თქვა, ჩიგოგიძემ „დრუზა თავი და “ოცნებიდან” იყარა კენჭი.”
მელიამ ისიც დასძინა, რომ ჩიგოგიძე მაშინ გაიცნო, როცა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე დაკითხვაზე ერთად იმყოფებოდნენ.
ვასილ ჩიგოგიძე მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას აბსურდს უწოდებს.