,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან კითხვები არ უჩნდება და როგორც ივანიშვილი აცხადებს, მის დასჯას არ აპირებს.
„რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია _ ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს“, _ აცხადებს ივანიშვილი.
ყოფილი მთავარი პროკურორის სახელს საკმაოდ ბევრი გახმაურებულ საქმე უკავშირდება, მათ შორის, 2017 წლის მაისში აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას თავდასხმის ფაქტზე მთავარ პროკურატურაში დღემდე მიმდინარეობს გამოძიება. მაშინ, როცა პროკურატურა საქმის კვლევის პროცესშია, გაუგებარია, რატომ აძლევს ბიძინა ივანიშვილი თავს უფლებას, ოთარ ფარცხალაძეს იმუნიტეტი მიანიჭოს?! ამით იმთავითვე ეჭვქვეშ ხომ არ აყენებს საგამოძიებო ორგანოების ლეგიტიმურობას?!
მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ, 2013 წლის ნომემბრიდან ოთარ ფარცხალაძის ქონება საგრძნობლად გაიზარდა.
ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, უკვე 5 წელია, ოთარ ფარცხალაძე ბიზნესშია ჩართული. მოსიაშვილის თქმით, მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია, რასაც ამ კომპანიის მფლობელი „საპარტნიორო ფონდი“ არ ადასტურებს, ანუ ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ მოახერხა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გამდიდრება. ბიძინა ივანიშვილს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით არ უჩნდება.
2018 წელს ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფარულ ჩანაწერებშიც გამოჩნდა, რაც სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის სარდაფში შესაძლო ჩაკეტვასა და მისი ცემის ფაქტს უკავშირდება, რაც ,,რუსთავი 2“ -ის მიერ გასაჯაროვებულ ფარულ აუდიო-ვიდეო მასალაში ლევან ყიფიანის მხრიდან დადასტურდა. პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თქმით კი, ფაქტების არარსებობის გამო, არც ამ შემთხვევაში იკვეთება რაიმე სახის კანონდარღვევა.
პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ძალაუფლების ადამიანის ხელში მოქცევა ქმნის.
ცისკარიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში საგამოძიებო თუ სხვა უწყებები ბიძინა ივანიშვილის მიერ არ უნდა იმართებოდნენ.
ექსპერტი აქვე იშველიებს ტერმინს _“ბიძინოკრატია“_ მმართველობას, რომელიც, მისი თქმით, დღეს საქართველოშია გამეფებული.
_ 2016 წელის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მედიაში გამოვაცხადე, რომ ევროპული დემოკრატიის ნაცვლად, ჩვენ ვიქნებოდით ქართული ბიძინოკრატიის კლანჭებში და სწორედ, ეს პროცესია ახლა.
დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილი ფარცხალაძის გარდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რატომ დაბრუნდა საქართველოში ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.
არსებული რეალობა არის დღეს ასეთი: ნაცვლად ევროპული დემოკრატიისა, ვართ ქართულ ბიძინოკრატიაში.
ბიძინოკრატიის მიდგომები მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის. ხომ ხედავთ, რომ არათუ დემოკრატია, არამედ ფასეულობებიც კი ჩამოჭკნა. ყველაფერი ღირსებით კი არა, ფულით განისაზღვრება.
ადამიანმა ქართული მართლმსაჯულების ქურუმად მურუსიძე შემოგვაჩეჩა და უკან მოაბრუნა საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი პიროვნებები, ამიტომ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.
ამჟამად ჩვენს სახელმწიფოში ერთადერთი ფასეულობა არსებობს _ ფული, ეს არის წყარო იმისა, რომ ახალგაზრდა თაობას არც კი წარმოუდგენია, თუ რა არის სამართლიანობა“, _ აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც საგამოძიებო უწყებებში ბიძინა ივანიშვილის მიერ მინიჭებული ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობს, 2013 წლის წლის 30 დეკემბერს მთავარი პროკურორის პოსტის დატოვება ხმაურიანად მოუწია, რაც მის შესახებ სკანდალური ფაქტების გასაჯაროვებას, კერძოდ, დიპლომის გაყალბებასა და გერმანიაში ნასამართლეობას უკავშირდება.