„ბიძინა ივანიშვილს ყველაზე ხელსაყრელი ბიზნესის, ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდება აინტერესებს. ივანიშვილს, რომელსაც მთავრობა და პარლამენტი ჯიბეში უზის, ანაკლიის პორტის მისაკუთრებას ვინ დაუშლის?!“_აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იურისტმა ლია მუხაშავრიამ.
იურისტმა ინიციატივის შესახებ, რომელიც სასამართლო სისტემის პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს, განაცხადა, რომ „პარლამენტში მიღებულმა შედეგმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქოცების სათავეში მყოფმა მცირე ნაწილის ჯგუფმა მუდმივად მათთვის სასურველი ჩინჩალაძეებისა და გვრიტიშვილების ჯგუფი კიდე ერთხელ დაიცვეს და გაამართლეს“.
_ ქალბატონო ლია, ინიციატივას, რომელიც სასამართლო სისტემის პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ პარტია დატოვა. როგორ ფიქრობთ, მიღებული შედეგი კიდევ ერთი ილუსტრაციაა იმისა, რომ მოსამართლეთა კლანს მმართველი პარტიის ახალგაზრდა ლიდერთა ჯგუფი მფარველობს?
_ მიღებულმა შედეგმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „ქოცების“ სათავეში მყოფმა მცირე ნაწილის ჯგუფმა მუდმივად მათთვის სასურველი ჩინჩალაძეებისა და გვრიტიშვილების ჯგუფი კიდევ ერთხელ დაიცვა და გაამართლა. ბუნებრივია, ასეთი შედეგის დადგომას მოველოდი. ეკა ბესელია ახლა გამოეყო გუნდს, თორემ მათ უმრავლესობით მიიღეს ის კონსტიტუცია, რომელსაც ახლა აკრიტიკებენ. დეპუტატთა ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, რაც მაფიქრებინებს, რომ მათ საკუთარი აზრის დაფიქსირება ვერ გაბედეს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი მოსამართლეების მიმართ საკუთარი პერსონალური დამოკიდებულება მაშინ გამოხატა, როცა სესიაზე დეპუტატები მიატოვა და შესახვედრად ოდიოზურ მოსამართლეებთან წავიდა.
_ სასამართლსა და საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტი დღის წესრიგში დადგეს?
_ არამგონია, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი დაისვას. თეორიულად თუ ასე მოხდება, იმპიჩმენტს დეპუტატთა მხარდაჭერა არ ექნება, რადგან კობახიძეს უმთავრესი მხარდამჭერი ვინც ჰყავს და ვინც მას აძლევს შესაძლებლობას ასეთი თავხედური, ცინიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთოს, ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მისი გადაყენება უკეთესი თავმჯდომარის გამოჩენას გამოიწვევს.
_ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბანკში გაწეული 27-წლიანი საქმიანობის შემდეგ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ “თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს. მანამდე კი წერილში, რომელიც ხაზარაძემ ბანკის თანამშრომლებს გაუგზავნა, დაადასტურა, რომ ბანკი სახელმწიფო უწყებების მხრიდან უპრეცენდენტო შემოტევისა და წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. როგორ ფიქრობთ, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღეს თუ პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ?
_ მამუკა ხაზარაძე, რომელმაც 27 წელი საკუთარ ბიზნესს შეალია, ასე იოლად არაფერს დათმობს. ის ისეთ მდგომარეობაშია, რომ საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად ყველანაირი დასაშვები თუ დაუშვებელი ხერხი უნდა გამოიყენოს. „თიბისი ბანკის“ ირგვლივ ამტყდარი ნებისმიერი სკანდალი, ბუნებრივია, თავად ბანკს აზარალებს, რაც ხაზარაძისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მამუკა ხაზარაძემ სრულიად გონივრული ნაბიჯი გადადგა. დარწმუნებული ვარ, ის არ შეჩერება და ბრძოლას გააგრძელებს.
_ როგორ ფიქრობთ, ბანკიდან წასვლის შემდეგ მამუკა ხაზარაძე საკუთარ მომავალს პოლიტიკას დაუკავშირებს?
_ ვხედავთ, „ქართულ ოცნებაში“ მოიკრიბა ხალხი, რომელიც ბიზნესში გაამწარეს და მერე დიდი ძალისხმევით თავიანთი გამამწარებლები „ნაციონალური მოძრაობის“ სახით შეცვალეს. ბევრი ადამიანი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას იძულებით იღებს. გამორიცხული არაფერია, თუ ის ჩათვლის, რომ საკუთარი ბიზნესის გადარჩენისთვის პოლიტიკაში მოსვლა აუცილებელია, ამ ნაბიჯს გადადგამს. ადამიანი, რომელმაც 27 წელი საკუთარ ბიზნესს შეალია, ბუნებრივია, რომ საკუთარი ბიზნესი გადარჩენის მიზნით ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის, არც პოლიტიკაში მოსვლაზე იტყვის უარს.
_ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს უკავშირებს. ოპოზიციაში თვლიან, რომ ივანიშვილის მიზანი ბანკის ხელში ჩაგდება და ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებაა. ამ მოსაზრებას იზიარებთ?
_ ბუნებრივია, ქვეყნის პირველ პირს, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე ხელსაყრელი ბიზნესის ხელში ჩაგდება სურს. ჩვენ ვიცით, რომ ფოთისა და ბათუმის პორტების ექსპლუატაციის უფლება საკმაოდ დიდი ვადით არის გაყიდული, ამიტომ ანაკლიის პორტი მეტად მიმზიდველი ბიზნესია და ბუნებრივია, “შპს საქართველოში” ყველაზე ხელსაყრელ საქმეს ხელიდან არავინ გაუშვებს. ივანიშვილს მთავრობა და პარლამენტი ჯიბეში უზის და ანაკლიის პორტის ხელში ჩადგებას ვინ დაუშლის“.