დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს, რომელთაგან ზოგს ხმაური და პროტესტი მოჰყვა, ზოგიც _ აზრის გამოთქმის გარეშე მიიღეს.
დღის წესრიგის პირველი საკითხი: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ, საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა წარმოადგინა. მან ისაუბრა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 მაისი განკარგულების შესახებ, რომლის თანახმად 2017-2018 წლებში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების მიზნით, რეგიონებში გასახორციელებელი ფონდიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ტრანსფერის სახით, 1 მილიონ 7000000 ლარი გამოეყო.
დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ მოითხოვა აღნიშნული თანხის ისე ცალ-ცალკე და ჩაშლილად წარდგენა,, რომ ხალხმა, ნებისმიერმა ადამიანმა წაიკითხოს და გაიგოს, რაში რა იხარჯება.
_ გამოაქვეყნე ბიუჯეტი რამდენიც გინდა, ხალხი თუ ვერ იგებს, რად გინდა?_ თქვა ბიგვავამ.
ლავრენტი ბიგვავა დაეთანხმა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას და განაცხადა, რომ შენიშვნა სწორია და გასათვალისწინებელია.
ხმაური მოჰყვა დღის წესრიგის მეხუთე საკითხს, რომელიც შეეხებოდა განკარგულებას ახალი ა(ა)იპ სამსახურის, „სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრის“ შექმნის თაობაზე.
ნაციონალმა დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა ხმამაღალი პროტესტი ასე გამოხატა:
_ასეთი სამსახური არსებობდა მანამდეც და გააუქმეს. მერე ალავიძის ბრძანებას დაემორჩილნენ და შექმნეს ახალი კანონი.. ის წავიდა და ეს კი დარჩა… რისთვის გინდათ, ოზურგეთის ბიუჯეტიდან ვიღაც რომ ნახევარ მილიონს ხსნის და მიაქვს, იმიტომ? ხომ არსებობდა ასეთი სამსახური, რომელიც ორ საათში აკეთებდა პროექტს. ექსპერტიზას ხელს აწერს ვინმე? თან ამ ვიღაც მოწვეულ ექსპერტს რამდენს უხდით წელიწადში. ეს არის კორუფციული სქემა. ექსპერტი რომელიც დასკვნას არ წერს, რაში უხდით ფულს? აჩუქეთ ნახევარი მილიონი ვიღაც ექსპერტს_ თქვა მან.
როგორც გიორგი ღურჯუმელიძემ თავდიშვილს მიმართა _ ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი“ გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში გახორციელებული ცვლილების შესაბამისად. მუნიციპალიტეტს კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლება აქვს მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ეს ა(ა)იპ კი პრინციპულად სხვაა.
თავდიშვილი მაინც არ დაეთანხმა და საკითხი ოზურგეთში საპატრულო ჯარიმების შესახებ კამათით გააგრძელა. იკითხა, თუ რამდენი პროცენტი შემოდის ოზურგეთის ბიუჯეტში ამ ჯარიმებიდან და სრულიად არაკანონიერი უწოდა, რადგან ოზურგეთში, გმირთა მოედნის სიახლოვეს, მარკეტ „მაკა-მაიას“ წინ, 40 მეტრი სიგრძის გადასასვლელი „ზებრა“ ისეთ მოსახვევში არსებობს, მძღოლების შეგნებულად დაჯარიმებისთვის მოფიქრებული უნდა იყოს.
შალვა თავდიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ამის თაობაზე მათ სასამართლო პროცესი მოიგეს, თუმცა საპატრულო პოლიცია ამბობს, რომ ნახაზი მათ არ შეუქმნიათ და მაშინ ქალაქის მერიამ განსაზღვრა. თავდიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ათასზე მეტი ჯარიმა დაიწერა აქ ამ დამაბრკოლებელ გარემოში. ბევრჯერ გააუქმეს კიდეც, გასაჩივრების წესით, თუმცა, ყველამ არ იცის, როგორ მოიქცეს ასეთ დროს.
გია მამაკაიშვილმა განაცხადა, რომ შემოსული ჯარიმების ასივე პროცენტი ბიუჯეტში რჩება.
მერვე საკითხის განხილვას „საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ნატანებში, შეკვეთილის ტერიტორიაზე ბეტონის შიდა გზების დაგების რეაბილიტაციის პროექტის მოწონების თაობაზე“ განკარგულების განხილვას, ნაციონალი დეპუტატები კრიტიკითა და დაცინვით შეხვდნენ.
_ ხო, ბიძინას ნამეტანი უჭირს და დაეხმარეთ, აბა, რა. ჩვენი წილიც იყოს მაგაში, კაია. რამდენია ეს წილი? _ კვლავ ხმამაღალი პროტესტით იაქტიურა შალვა თავდიშვილმა.
საკითხის წარმომდგენმა ოსიკო თოთიბაძემ განაცხადა, რომ 830 მ სიგრძის გზის საფარი და გარე განათებაც არის გასაკეთებელი. სულ პროექტის ღირებულება 611 ათას 278 ლარია და ეს ძირითადად შეკვეთილში შიდა გზების მოწყობის სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი.
_ კაია, კაი, დაეხმარეთ ბიძინას, უჭირს, მივცეთ, _ არ ცხრებოდა შალვა თავდიშვილი.
საკრებულომ, ასევე, განიხილა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისთვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“, დადგენილება. იგეგმება ინფორმაციის ასლის გადაღებისთვის მოსაკრებლის გადახდის წესი, რომლის ამოქმედების შემდეგ, წლის განმავლობაში, მოსაკრებლის გარეშე გამოსათხოვარი საჯარო ინფორმაციის ოდენობა ხუთი გვერდი იქნება.