როგორც „გურია ნიუსს“ კონფიდენციალურად აცნობეს, ხვალ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ქართული ოცნების“ დეპუტატები თბილისში, პარტიის ოფისში არიან დაბარებულები.
_ დამირეკეს საკრებულოდან და მითხრეს, რომ ხვალ აუცილებლად თბილისში, პარტიის ოფისში უნდა ვიყო, აზრზე არ ვარ, რა ხდება, იქნებ გაარკვიოთ რამე, _ გვითხრა ერთერთმა დეპუტატმა.
აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დეპუტატმა დაგვიდასტურა: “ბიძოსთან მივდივართ, შეხვედრა გვაქვს“, _გვითხრა ერთ-ერთმა დეპუტატმა.
_დღეს, სარამოს გვაქვს თათბირი საკრებულოში, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან გელა აროშიძესთან ვართ დაბარებულები, იქ გადაწყდება წასვლის დრო და მიზეზი, ისე ბიძინა ივანიშვილთან ვართ დაბარებულები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში საერთოდ არ არის:
_ თბილისში ვარ, კარგა ხანია, არ ვიცი არაფერი.
დეპუტატების თბილისში დაბარებას უარყოფს თავად “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც საკრებულოში გელა აროშიძე:
„სიმართლეს არ შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია, თბილისში მივდივარ ჩემს პირად საქმესთან დაკავშირებით, რა იგეგმება არ ვიცი“.
პარტიაში დეპუტატების დაბარების ოფიციალური მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ერთერთი ვერსიით, აღნიშნული საკითხი არჩევნების თემას უკავშირდება. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შესაძლოა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან დავით დარჩიაც გადაყენებაც დაიგეგმოს. ჩვენი ინფორმაციით, თბილისში შეხვედრას, ასევე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძეც უნდა დაესწროს.
დეპუტატები დარჩიას გადაყენებას გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ ეს შეხვედრა, უბრალოდ, ფრაქციის სამუშაო შეხვედრაა.