29 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ თერთმეტი საკითხი წარმოადგინა. მათ შორის გამოიკვეთა სამი საკითხი, რომელთა ირგვლივ მეტ-ნაკლები მსჯელობა და მწვავე კამათიც გაიმართა.
განსაკუთრებული კამათი მოყვა საკრებულოს ბიუროს მიერ განხილულ საკითხს, რომელიც გურიის ქუჩაზე (აგრარული ბაზრის ტერიტორია) მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 23 კვმ. მიწის ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მერიისთვის თანხმობის მიცემას შეეხებოდა.
ბიუროს სხდომაზე გამოცხადდნენ ქალბატონები, რომლებსაც აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და შენობის სარგებლობის უფლებით აღება სურთ.
_ ათი წელია, იქ ვმუშაობთ. ჯერ ერთი, გვეგონა, რომ უკვე გაყიდული იყო, რადგან ყოველ თვეში დიდძალ თანხას ვიხდით _ სამას ლარს. კი ვიცი, რომ სულ ფულიანს აქვს უპირატესობა, მაგრამ ცოტა გლეხებსაც მოგვხედეთ! _ ტირილით თქვა ჟუჟუნა ხელაძემ.
_ მოქალაქეს, რომელმაც წარმოადგინა განცხადება, ამ ტერიტორიის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ საკრებულომ თავისი მოვალეობა შეასრულა და საკითხი გაასაჯაროვა. ამის დასტური კი ისაა, რომ თქვენ სხდომას ესწრებით, _ მიმართა ქალბატონებს დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ.
_ ფულს ვის უხდიდით? _ კითხვით მიმართა ჟუჟუნა ხელაძეს დეპუტატმა ეროდი გორდელაძემ, რაზეც ხელაძემ უპასუხა, რომ თანხას ბაზრის დირექტორს უხდიდნენ.
ოზურგეთის საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა, ნანა სიხარულიძემ თქვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მისი შვილიც მუშაობს და მასაც აქვს სურვილი, სარგებლობის უფლებით გადაეცეს.
ბიუროს წევრებმა ქალბატონებს რჩევის სახით განუმარტეს, რომ კარგი იქნება, თუ ორივე მხარე მოილაპარაკებს და შეთანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აუქციონის წესით მოხდეს გასხვისება და სულ სხვამ შეიძინოს.
საკმაო მსჯელობის შემდეგ, ბიუროს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ საკითხი საკრებულოს 5 თებერვლის სხდომაზე განიხილონ, სადაც დაიბარეს პიროვნებები, რომლებიც, ასევე, ითხოვენ აღნიშნული მიწის სარგებლობის უფლებით გადაცემას და მერიას განცხადებითაც მიმართეს.
ბიუროს სხდომის შემდეგ გავარკვიეთ, ვინ იყო კონკრეტული პირი, ვისაც მიწის ამ ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით აღება სურს.
_ ეს პიროვნება გვარად შალამბერიძეა, ოზურგეთის აგრარული ბაზრის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი. სწორედ ასეთ პოზიციაზე ნამყოფი ადამიანები ფლობენ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელზეც წვდომა არ აქვს, ვთქვათ, ქალბატონ ჟუჟუნა ხელაძეს და მის მეგობრებს, რომლებიც იქ დღემდე ვაჭრობენ. მეტიც, მიწაც და შენობაც აქამდე გაყიდული თუ ბაზრის დირექციის საკუთრება ეგონათ და თვეში სამას ლარს იხდიან, _ გვითხრა წყარომ.
საკრებულოს დეპუტატებმა კარგა ხანს იკამათეს კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც, ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემას შეეხებოდა. კერძოდ, შპს “ეარნეტი” ითხოვს ოზურგეთის 39 ქუჩაზე, გარე განათების ბოძებზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი 38 046 სიგრძის კაბელის დამაგრებას, რომელიც ერთ ბოძზე 10 სმ სიგრძის ადგილს დაიკავებს. ასევე, გარკვეულ ბოძებზე დამაგრდება გამანაწილებელი ქურო.
_ “ეარნეტი” ბოძებზე ითხოვს იჯარას. ერთი ის აუდიტორი მაჩვენეთ, ბოძის 10 სმ-ს რომ იყენებს. რა მიდგომაა ეს? _ იკითხა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ.
_ არ დავუჭერ მხარს მე ამ პროექტს. სამი წლით იჯარა უნდა გაუფორმდეს 1 700 ბოძზე 672 ლარის სანაცვლოდ? ვინ დაადგინა ეს? _ ბრაზობდა დეპუტატი ტარიელ აროშიძე.
_ გამაგებინეთ, ის ბოძი რომ არ იყოს, რაზე გაჭიმავენ კაბელს? _ რიტორიკული კითხვა დასვა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.
დეპუტატებმა დიდხანს იკამათეს, რომ ეს ბოძები არის სახელმწიფო ქონება. ჯერ ერთი, როცა საკითხი ასე დგას, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფო შემოსულობების გაზრდაზე: _ გარდა ამისა, ხომ ვიცით, ერთი ბოძი რომ საკმაოდ ძვირი ღირს? ვთქვათ და დაზიანდა, ვინ არის პასუხისმგებელი? იმის თქმა, რომ მხოლოდ ათი სანტიმეტრის ადგილს დაიკავებს და მეტი არაფერი, არასერიოზულია, _ კამათობდნენ დეპუტატები. აღნიშნეს ისიც, რომ ამ ნაბიჯით, “მაგთიკომთან” შედარებით, “ეარნეტი” უპირატეს პოზიციაზე დგება.
საბოლოოდ, შეთანხმდნენ საკითხის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანაზე.
ბიუროს სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს არასამთავრობო ორგანიზაცია “მერსი ქორპსსა” და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ” საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე _ ორგანიზაცია “ქალთა ოთახს” ითხოვს.
დეპუტატებმა გამოთქვეს უარყოფითი დამოკიდებულება ტიტულის მინიჭების თვალსაზრისით: _ რატომ უნდა ეწოდოს ამ სივრცეს მაინც და მაინც ქალთა ოთახი? _ იკითხა არა ერთმა დეპუტატმა, რასაც ყველა დაეთანხმა და დაასკვნეს, რომ მხოლოდ სახელწოდება უნდა შეიცვალოს. თუმცა, ჯერ არავის უთქვამს, თუ რა სახელი დაერქმევა ამ სივრცეს.
საბოლოოდ, დღის წესრიგში შევიდა და დასკვნის წარმოსადგენად განათლების კომისიას გადაეგზავნა ხელშეკრულება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორპსისგან” გრანტის მიღებას ეხება, რითაც მუნიციპალიტეტში “ქალთა ოთახის” (სახელწოდება შეიცვლება. ავტ.) ინვენტარით აღჭურვა იგეგმება.
ბიურომ, ასევე, დაამტკიცა საკრებულოს 5 დარგობრივი კომისიის 2020 წლის სამუშაო გეგმები.