მმართველი გუნდის წევრი პაატა მხეიძე თანაგუნდელ შოთა შალელაშვილთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ,,გურია ნიუსთან“ ეხმაურება. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი აცხადებს, უკეთესი იქნება, თუ სააკაშვილი აღნიშნული ბრალდებებით ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს.
,,შალელაშვილმა გარკვეული პერიოდი იცხოვრა რუსეთსა და ამერიკაში. ის არის ბიზნესმენი და ვფიქრობ, ძალიან ქმედითუნარიანი ადამიანი. ის ბრალდებები, რომლებსაც მიშა უყენებს, სჯობს, თავის გუნდში მოიკითხოს. მე შალელაშვილთან მაქვს კოლეგიალური ურთიერთობა და მასთან დაკავშირებით რაიმე არაკანონიერი ქმედების შესახებ ჩემთვის ცნობილი ნამდვილად არ არის, რაც შეეხება მის შვილს, გიდასტურებთ, რომ მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები კანონთან“, _ გვითხრა მხეიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ქართული ოცნების“ დეპუტატს, შოთა შალელაშვილს თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარული ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ -ის გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა. სააკაშვილის თქმით, აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმაში შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა.