გლდანის ციხეში მყოფი გიორგი მამალაძე “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ მოინახულა.
მისი თქმით, მამალაძეს მარჯვენა მხარი აქვს წართმეული და ამბობს, რომ ღუდუშაურის კლინიკიდან ციხეში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.
“წართმეული აქვს მარჯვენა მხარი, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მან თავად მითხრა, რომ ღუდუშაურიდან გადმოყვანა საკმაოდ საეჭვოდ, მისი ნების წინააღმდეგ მოხდა და არ უნდა გადმოეყვანათ”, _ამბობს ხოშტარია.
რაც შეეხება მამალაძის შეწყალების საკითხს, ელენე ხოშტარიას თქმით, მას არ შეუძლია საპატრიარქოს ან პრეზიდენტის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ მიიჩნევს, რომ მამალაძე უსამართლოდ არის დაკავებული.
“დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ კონკრეტულ დარღვევებზე, რაც ამ საქმეშია. როგორ იქცეოდა პროკურატურა, როგორ არ კეთდებოდა ექსპერტიზები, როგორ არ არის პასუხები კითხვებზე და როგორ ცალსახად ჩანდა ინტერესი იმისა, რომ ეს ადამიანი გაჭყლეტილიყო. ეს არის ფაქტი.
ფაქტია, რომ ეს ადამიანი ამბობს, რომ ის უნდა იყოს გარეთ და რა თქმა უნდა, უნდა, მოხდეს შეწყალება. ძალიან კარგად ჩანს, რომ პრეზიდენტი, რომ თავად ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აშკარად ჩანს, რომ ის არის უსამართლოდ მომწყვდეული, საშინელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი”,_ამბობს ხოშტარია.