დღეს, 11 საათზე, საქალაქო სასამართლოში, “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
უწყებამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9-პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო _ საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.
ნიკა გვარამიას დაბარებას წინ უძღოდა მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთება _ სწორედ ამას თვლის არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ერთ-ერთ მიზეზადაც.
„ჩემი დაშინება რომ არ გამოვა, ეგ იციან. არ ვიცი, ახლა, იზოლაციას თუ გეგმავენ მოგონილი საქმით, გადაიხადონ ამაშიც პოლიტიკური ფასი. ასე გროვდება საციხო საქმეები და ასე გროვდება ჯოხებით გამოდევნა კაბინეტებიდან, ასე ხდება ყველგან. თქვენი გაკოტრება და ხელფასების ვერ გაცემა, ეს არის მიზეზი, ჩემი კარგო, რომ ჯერ ერთი ახსნან და მეორე ფაქტორი მოსპონ და ვერ გამოვა, სანამ მე ცოცხალი ვარ ყველაფერი გამომივა, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მაქვს დაგეგმილი. რუსთავი2-ის დახურვის შემდეგ აუცილებლად უდნა არსებობდეს ადგილი, სადაც ზუსტად იგივენაირად იქნება მწვავედ და კრიტიკულად ნათქვამი სიტყვა ყველას გასაგონად და ასეთი ადგილი იარსებებს,“– განაცხადა გვარამიამ.