უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს დაკავშირებით მისი ოჯახის ისტორია გაიხსენა.
„ყველა არ იცის, რომ 1933 წელს, ჰოლოდომორის დროს, ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა იძულებული იყო ოჯახით თბილისში გაქცეულიყო და საქართველომ ჩემი მეუღლის ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა. ჩემი მეუღლის ბებია ანა ნადეჟდინა 1943 წელს სტალინგრადში მოხვდა და ევაკუირებული იყო თბილისში. ის აქ ცხოვრობდა. მინდა, ეს სახლი ვნახო და მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ჩემი მეუღლის ოჯახს უშველა. ეს რჩება თაობებში და ეს მტკიცე საფუძველს აყალიბებს ჩვენი ნდობის და მეგობრობის“, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თბილი დახვედრის და მეგობრული ატმოსფეროსთვის.
„უღრმესი მადლობა მინდა მოგიხადოთ იმ უნიკალური ატმოსფეროსთვის, რომელსაც ჩვენმა დელეგაციამ პირველივე ნაბიჯებიდან იგრძნო. ჩვენ მეგობრებს შორის ვართ. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ვართ. თქვენ მათ შორის ხართ, ვისაც უკრაინა ძალიან ენდობა”, _ განაცხადა პოროშენკომ.
მან უკრაინაში მებრძოლ ქართველებზეც ისაუბრა. „უკრაინელები ქართველი მოძმე ბიჭების საპატივცემულოდ თავს ხრიან, რომლებიც 2014 წელს უკრაინაში ჩამოვიდნენ და ჩვენს ქვეყანას იცავდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველოს იცავდნენ. ამ დონის ურთიერთობისთვის მადლობას გიხდით“, _ აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. პეტრო პოროშენკო თბილისში ოჯახთან, სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვიდა.