საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თბილისში, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამასთან ზაზა სარალიძესთან მივიდა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
პრეზიდენტისა და ზაზა სარალიძესთან პირისპირ შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მარგველაშვილმა ზაზა სარალიძისაგან საქმესთან დაკავშირებით და გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისი მიზანი ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
“პირველ რიგში, ბუნებრივია, მთავარი სათქმელი იყო იმ ტკივილის გაზიარება, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო და ბევრ ადამიანს აქვს ეს განცდა.
მეორე, ჩემი მიზანია ვეურთიერთო ზაზას და სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს გულისტკივილი, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი, წყნარი, სტაბილური პროცესი და ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის, მე ბუნებრივია, კომუნიკაცია მექნება ხელისუფლებასთანაც. ამ მოტივით, არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის ისეთი ქვეყანა, რომელშიც ისინი ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს, სტაბილური ქვეყანა. მე ამ მიზნისთვის მუშაობაში არ გავჩერდები!”, _ აღნიშნა მარგველაშვილმა.