ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის მოსახლეობამ გუშინ კიდევ ერთხელ გამართა საპროტესტო აქცია და ავტობანზე მომუშავე მძიმეწონან მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცა.
ადგილობრივთა თქმით, ავტობანზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანების ხშირი მიმოსვლის გამო წამოქმნილი გაუსაძლისი მტვერი და ხმაური მათ დიდ დისკომფორტს უქმნის, მანქანების უწყვეტ რეჟიმში გადაადგილების გამო კი საცხოვრებელი სახლის კედლები კი დაბზარულია.
აქციაზე შეკრებილები პრობლემის დროულ მოგვარებას და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ჩინური კომპანიისგან ფულად კომპენსაციას ითხოვდნენ.
შუხუთში მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე მივიდნენ, სოფლის მაჟორიტართან აკაკი იმნაიშვილთან და მერის წარმომადგენელთან დავით ფირცხალაიშვილთან ერთად.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე მოისმინეს აქციის მონაწილეეთა პრეტენზიები და მათ პირობა მისცეს, რომ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით კომუნიკაცია უშუალოდ ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობასთან ექნებოდათ.
მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს და ავტობანზე მომუშავე მანქანებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა.
როგორც გაირკვა, სიტყვას საქმეც მოჰყვა და აქციის მომდევნო დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ჩინური კომპანიის „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტის, მაია კუპატაძის ინფორმაციით, შეხვედრისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩინური კომპანიის მენეჯერს შუხუთში არსებული ვითარება გააცნო.
„ მოსახლეობა ავტობანზე “„სინოჰიდროს” საქმიანობას აპროტესტებს. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ სატვირთო მანქანების ხშირი მიმოსვლის გამო, გაუსაძლისი მტვერი და ხმაურია, მათ საცხოვრებელ სახლებსაც პრობლემა ექმნებათ და ზიანდება. მოსახლეობა ჩინური კომპანიისგან ფულად კომპენსაციას ითხოვს.
როგორც შეხვედრაზე ,,სინოჰიდროს“ მენეჯერმა აღნიშნა, კომპანია ყველა იმ ვალდებულებას ასრულებს, რაც პროექტითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება ფულად კომპენსაციას, კომპანიის მენეჯერის თქმით, მოსახლეობის ამ მოთხოვნას ისინი ვერ დააკმაყოფილებენ, რამდენადაც აღნიშნული გზა გახლავთ საერთაშორისო მნიშვნელობის და პრობლემა კომპანიას არ გამოუწვევია. როგორც „სინოჰიდროს მენეჯერმა აღნიშნა, ამის მტკიცებულებად სპეციალისტების დასკვნაც აქვთ.
რაც შეეხება გზის გაწმენდასა დამორწყვასტან დაკავშირებულ მოსახლეობის მოთხოვნებს, კომპანიის წარმომადგელთა თქმით,ეს მოთხოვნა სრულდება. დეკემბრის თვიდან კი დამატებით კიდევ ერთი სარწყავი მანქანა შეასრულებს ინტენსიურ გზის მორწყვის სამუშაოებს“, _გვითხრა მაია კუპატაძემ.