ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ მეთოდს გვთავაზობენ ჩითილების გადარგვის დროს.
ოზურგეთელი ნინო გიორგაძე, რომელიც ჩვენი მკითხველია და გამოცდილი მეურნეც, გვიამბობს, როგორ გააუმჯობესა ჩითილების გამოყვანა ნახერხის და პურის საფუარის (“დროჟი”) გამოყენებით.
“ადრე გაზაფხულის გარდა, ბოსტნეულის ჩითილების მომზადება კოშტებში, ახლაც, ივნისის დასაწყისშიც, გაცილებით უკეთესი შედეგის მომცემია. როცა უკვე თბილა და კარგად ამოსული ბოსტნეულის ნერგები ღია გრუნტში თავს მშვენივრად გრძნობენ, მაინც უმჯობესია, ისინი ნაკელით, მოძველებული ნახერხით და ნეშომპალათ მომზადებულ კოშტებში გადაიტანოთ და მერე, მოგვიანებით კვლავ ბოსტანში დარგოთ.
პომიდვრის ნერგებს ორმოში ჩარგვის დროს, მწიკვი პურის საფუარიც ჩაუყოლეთ, ნახერხთან ერთად. ამ მეთოდმა შარშან საუცხოო შედეგი გამოიღო. ასე ხდება ნერგის მოძლიერება, ფესვის კარგად განვითარება, ამასთანავე არ დამჭკნარა და თითქმის დაზღვეული ხართ, რომ სისუსტე და სხვადასხვა დაავადება ნერგს ვეღარ მოერევა”, _ ამბობს ნინო გიორგაძე.
ფერმერი აკაკი ღლონტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ნახერხი სინესტეს ინარჩუნებს და ფესვიც კარგად ვითარდება, თუმცა, საფუარის (“დროჟის”) ასეთი მიზნით გამოყენება, არსად გაუგია:
_ შესაძლოა, მართლაც იყენებენ საფუარს რაღაც სოკოვან დაავადებებთან მიმართებაში. თუმცა, მე ვერ დავეყრდნობი იმას, რაც მეცნიერულად შესწავლილი და დადასტურებული არ არის. არც უარვყოფ, ოღონდ თავად უნდა ახსნას ამა თუ იმ მეურნემ, რა შედეგს მიაღწია და როგორ. შესაძლოა, მეცნიერული შესწავლაც დაიწყონ, თუ რაიმე არგუმენტირებული შედეგი იქნება. ჯერჯერობით კი, ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა ბატონმა აკაკიმ.