ჩოხატაურში პირს, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა ინფექცია მეორედ დაუდასტურდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო ჯიბუტი ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხზე ლაპარაკის უფლება ახლა არ აქვს.
„ვერ დაგიდასტურებთ. უნდა გადამოწმდეს ყველაფერი, დასაბუთება სჭირდება სხვა დონეზე და ამის მერე ოფიციალურად გამოცხადდება. ამ წუთში არ მაქვს უფლება ამ საკითხზე გელაპარაკოთ“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
შეკითხვაზე თუ რამდენი ხანი სჭირდება ფაქტის დასაბუთებას, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გვპასუხობს რომ არ იცის.
„არ ვიცი. გამოითხოვენ საინფორმაციო მასალებს რაცაა საჭირო და ამის მერე გვეცოდინება ოფიციალური პასუხი“,_ ამბობს ჯიბუტი.
ჯიბუტის თქმითვე, პირს, რომელსაც ჩოხატაურში კორონავირუსი სავარაუდოდ მეორედ დაუდასტურდა, ვირუსი მოხდილი 2 თვე ნახევრის წინ ჰქონდა.
როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ჩოხატაურში ბოლო 24 საათში 90 სწრაფი და 19 პსრ ტესტი ჩატარდა. ტესტირების შედეგად ინფიცირების 2 შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირების 1 შემთხვევა გუთურში, მეორე კი ფარცხმაში დადასტურდა.