ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალიჯიშვილმა, მარტვილში მოღვაწე ბერებსა და მონაზვნების ნაწილს ზიარება აუკრძალა, _ ამის შესახებ მან აბაშის ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ისაუბრა.
მეუფის თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხებაა, რომელშიც გარკვეული ბერები და მონაზვნები მონაწილეობენ და მათ ზიარების უფლება მას შემდეგ ექნებათ, თუ შენდობას ითხოვენ.
“მინდა მოვუწოდო, რომ ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე და ვინც მონაწილეობს ამბოხში, რომელიც არის ეკლესიის წინააღმდეგ, (ჯერ კიდევ ეს ამბოხი გრძელდება თავისი სხვადასხვა გამოხატულებით) ყველამ მოინანიოს. ერისკაცებს მივმართავ პირველ რიგში, ჯერ ამ ეტაპზე. მოინანიონ ყველამ და თხოვონ შენდობა თავის მოძღვარს. ვინც არ მოინანიებს, ეკრძალებათ ზიარება. ვინც არ არის ქრისტიანი ეს იმათთვის არაფერი არ არაა, მაგრამ ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მონაწილეობენ ამბოხში, ასევე დღეიდან, ვინც არ მოინანია, ეკრძალებათ ზიარება, სანამ არ მოინანიებენ. ახლა მე ზუსტად უნდა ვიცოდე, რომელმა ბერმა და რომელმა მონაზონმა მოინანია. კონკრეტულად მე უნდა ვიცოდე და მაშინ მოვუხსნი ეპიტამიას. უზიარებლობის ეპიტამიას მოეხსნებათ მხოლოდ მათ ბერთაგან და მონაზონთაგან, დღეს არ ვამბობ ხარისხში მყოფებზე… მოეხსნებათ ეპიტემია, თუ ზუსტად მეცოდინება, რომ მოინანიეს. თუმცა მათ არ მოვთხოვ საჯარო მონანიებას. უბრალოდ, მათ შეუძლიათ მოვიდნენ მთხოვონ შენდობა”,- განაცხადა მეუფემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირთა ნაწილი გაფართოებულ საეკლესიო კრებას მოითხოვს. ისინი ახლად დანიშნულ მეუფეს არ ცნობენ და ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების განხილვას ითხოვენ. ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”