კიმ ჩენ ინისა და მუნ ჯე ინის შეხვედრის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, 65-წლიანი დაძაბულობის შემდეგ, კორეის ომის ფორმალური დასასრული გამოცხადდება და მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება.
დემილიტარიზებულ ზონაში 30-წუთიანი შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარ იქნება და მშვიდობის ახალი ერა დაიწყო.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საომარი მოქმედებები 1953 წელს დასრულდა, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება მას შემდეგ არ გაფორმებულა და ქვეყნები ტექნიკურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან.
კიმ ჩენ ინი პირველი ჩრდილოეთ კორეელი ლიდერია 1953 წლის შემდეგ, რომელმაც ომის შემდეგ ნახევარკუნძულის გამყოფი სამხედრო ხაზი გადაკვეთა.
აუდიენციისას კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯე ინმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ.
მანამდე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა მშვიდობის ნიშნად საზღვარზე ფიჭვის ხე დარგეს. გაიმართა ოფიციალური ვახშამი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს მაისის ბოლოს შეხვდებიან.