“ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი, რომ ამ კრიზისის პირობებში არცერთი ადამიანი არ დარჩეს მზრუნველობის გარეშე”, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, ანტიკრიზისულ გეგმაში, ეფექტიან ეკონომიკურ ნაბიჯებთან ერთად, უდიდესი ადგილი უკავია მოქალაქეთა დახმარების პროგრამებს.
“პაკეტი სხვადასხვა შეღავათებთან და სოციალურ პროგრამებთან ერთად მოიცავს იმ მოქალაქეების თანხობრივ დახმარებას , რომლებიც პანდემიამ დააზარალა და დატოვა შემოსავლის გარეშე,”-აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლება ორი მთავარი მიმართულებით მუშაობს.
„ ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენ დღეს ვიმყოფებით ძალიან მძიმე, რთულ მდგომარეობაში. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება . ერთია პანდემიის პირობებში Covid-19-თან ბრძოლა, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა. დღეს ასევე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი გახნის გეგმაც და ამ პროცესში უნდა ვიყოთ ყველა, როგორც მთავრობა , ისე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, თითოეული ადამიანი ძალიან ფრთხილად. მეორე მიმართულება ეს არის ეკონომიკური ვითარება. ვიცით, თუ რამხელა დარტყმა მიიღო მთელმა მსოფლიომ ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ თუ რას აკეთებს მთავრობა, როგორ ჩააქროს ცეცხლი, როგორ დაეხმაროს იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა და რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ამ ვირუსის გამო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ რეალობისა და შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერითა და თანადგომით დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის მოგროვება გახდა შესაძლებელი. ეს თანხები, რა თქმა უნდა, გადანაწილებული იქნება სხვადასხვა ფორმით და ამაზე დღეს ვრცლად ისაუბრა პრემიერ მინისტრმა“-, განაცხადა კახა კალაძემ.