ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 91%-იანი წილის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები მორიგ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიის კოლექტივთან კონსულტაციებს ხვალიდან დაიწყებენ:
“სამწუხაროა, რომ ჩვენი გუშინდელი განცხადება, რომელიც 15:25-ზე გავრცელდა, პრაქტიკულად არ გაშუქებულა (მშრალად გავიდა 6 საათიანი კურიერის შუაში, თემის გაუშლელად, და საერთოდ არ გაშუქებულა 9 საათიან კურიერში).
ეს იმ ფონზე, როცა გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირს ამხელა დრო დაეთმო ეთერში.
ჩვენი განცხადება რომ გაშუქებულიყო, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი ბევრ უხერხულობას ასცდებოდა (პირველ რიგში, ზემოხსენებული თათბირის კონტექსტში).
ამიტომ, ხელახლა, უცვლელად ვავრცელებთ ჩვენს გუშინდელ განცხადებას (სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება) და ხვალიდან გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში,”_ აღნიშნულია ლევან ყარამანიშვილის მიერ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.