მსოფლიოს მასშტაბით, თამბაქოს მოხმარების შედეგად 10 ადამიანიდან 1 იღუპება.
თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები შესაძლებელია მომავალში კიდევ გაიზარდოს, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, სადაც თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ახალი ბაზრის ათვისებას აგრესიულად ცდილობენ.
საქართველოში “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა გასულ წელს მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონი ძალაში 2018 წლიდან ნაწილ-ნაწილ შევა.
კანონის ძალაში შესვლამდე კი, იმ საკითხის _ რა საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის ორსულობის პერიოდში თამბაქოს ნაწარმის მოხმარება _ „გურია ნიუსს“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე ესაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა დღენაკლული ბავშვების დაბადების და ბავშვთა სიკვდილიანობის თვალსაზრისით, რასაც ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოხმარება იწვევს.
„უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ბავშვთა სიკვდილიანობის თვალსაზრისით და ნაადრევი აბორტების, ნაადრევი მშობიარობების, დღენაკლული ბავშვების დაბადების, რასაც, ასევე პირდაპირი გავლენა აქვს ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან. ყოველი მეოთხე ორსული ქალბატონი საქართველოში თამბაქოზეა დამოკიდებული და ვერ ანებებენ თავს ორსულობის დროსაც კი“, _ ამბობს ბახტურიძე.
მისი თქმით, ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარება ბავშვის ზრდა-განვითარებას ხელს უშლის და მოზარდი 5-6 წლის ასაკში თანატოლებს ჩამორჩება, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად.
„ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარება იწვევს ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენას და უამრავ პათოლოგიებს, რადგან თამბაქოს კვამლში არსებული ნივთიერებებისთვის პლაცენტა ბარიერი არ არის. ყველა ნივთიერება, რასაც დედა მოიხმარს გადადის პლაცენტაში და შემდეგ უკვე ნაყოფში, გარდა ამისა, ბავშვს ყველაზე მეტად ერთმევა ჟანგბადი. ამიტომ თუ დაიბადნენ, მცირე წონით იბადებიან, რაც, საკმაოდ სარისკოა ჯანმრთელობისთვის. ყველა მწეველი ქალბატონის ბავშვი 5-6 წლის ასაკიდან სხვა ბავშვებს გონებრივად ჩამორჩებიან“,_ამბობს ბახტურიძე.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის თქმით, თამბაქოს კვამლი ხშირად ჩვილების მოულოდნელად დაღუპვის მიზეზი ხდება.
„ყველაზე სარისკო გახლავთ, ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომი, რომელშიც 50% თამბაქოს კვამლის შედეგად ხდება. 1 წლამდე ასაკის ბავშვების ნახევარი იღუპება, მხოლოდ თამბაქოს პასიური მოწევის გამო. ამას აკეთებენ ის ადამიანები, ვისთვისაც ბავშვი ყველაზე მთავარი უნდა იყოს. საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფომ თავის სიტყვა უნდა თქვას და შეასრულოს მისი კონსტიტუციური უფლება, სახლებში კი, ჩვენც შეგვიძლია ვაკონტროლოთ სიტუაცია და არ მოვწიოთ ოთახებში“, _ ამბობს ბახტურიძე.
როგორც ცნობილია, საქართველოში “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტში შესული ცვლილებების თანახმად, მაისიდან თამბაქოს მოწევა საზოგადოების თავშეყრის დახურულ სივრცეში აიკრძალება. აკრძალვა ასევე თამბაქოს ნაწარმის რეკლამასაც შეეხება.