რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ზოტსა და ჩხაკაურაში 2 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“გურია ნიუსი” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს შორენა სიხარულიძეს დაუკავშირდა კითხვით _ დაიწყება თუ არა ჩოხატაურის სკოლებში სწავლა და რა ფორმატით.
როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გვითხრა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში დაიწყება სასწავლო პროცესი, მხოლოდ ზოტისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დაიწყებს დისტანციურად, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, როცა ცნობილი გახდება ყველა პედაგოგის ტესტის პასუხი, იქნება მიღებული გადაწყვეტილება, სწავლა საკლასო ოთახში გაგრძელდება თუ დისტანციურად.
“იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, სწავლა დაიწყება დისტანციური ფორმატით. ერთი კვირის შემდეგ, როცა გვეცოდინება ყველა პედაგოგის ტესტის პასუხი, მხოლოდ მაშინ გავაგრძელებთ სწავლას საკლასო ოთახებში. ეს ორი პედაგოგი ნამყოფები არიან სკოლაში, კონტაქტი ჰქონდათ პედაგოგებთან და ბუნებრივია, ყველას სჭირდება ტესტირება. ყველა იქნება შინ მანამ, სანამ არ გვეცოდინება ტესტის პასუხი“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.