შინაგან საქმეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა, მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება კი ნივთმტკიცებად ამოიღო. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„გარდა ამისა, სამართალდამცველები თურქეთის მოქალაქის დაკავების მიზნით ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს 3 თვის განმავლობაში ახორციელებდნენ. რის შედეგადაც, პოლიციამ ის თბილისში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ შემცველი „ექსტაზის” 393 აბი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დააკავეს საფრანგეთის მოქალაქე. ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი და 4 კაფსულა მეტადონი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილომდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებენ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ნარკოდანაშაულის პრევენციის, მისი დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით“,_ამბობენ უწყებაში.