დარღვევები ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონში – სოფელ სადახლოს 29-ე საარჩევნო უბანზე ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის ორჯერ მიცემის მცდელობა გამოვლინდა.
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერს ამის საშუალება დამკვირვებელმა არ მისცა და ბიულეტენი დახია. აღმოჩნდა, რომ ბიულეტენზე 48 ნომერი იყო შემოხაზული.
მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებმა აღნიშნული დარღვევა გამოავლინეს, კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ოპოზიციური პარტიების წევრებს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს. შესაბამისად, ისინი ამ წუთებში ხმის მიცემის მიმდინარეობას ვერ აკვირდებიან.
„ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა იცნო ამომრჩეველი, რომელიც მეორედ შემოვიდა ხმის მისაცემად. რადგან ადგილობრივი იყო ორივე, სახეზე იცნო და აზერბაიჯანულ ენაზე მიმართა, რომ შენ უკვე მეორედ ხარ აქ შემოსული და არ მისცე ხმაო. ამათი საუბარი გაიგო შემდეგ კომისიის წევრმა, რომელმაც დააფარა ასე ვთქვათ, პარტიის წარმომადგენელმა და ყუთის ზედამხედველმა არ მისცეს საშუალება, რომ ამ ადამიანს ეს ბიულეტენი ჩაეგდო ყუთში. ეს ბიულეტენი შემდეგ დააგდო მაგიდაზე ამომრჩეველმა და გაიქცა უბნიდან. შემდეგ ეს ბიულეტენი გააფუჭეს, გადახიეს და მისცეს კომისიის მდივანს, რომელზეც შემოხაზულია 48,“ – განაცხადა ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბესიკ დონაძემ.
წყარო: რუსთავი2