68 წლის მარლენ ბურჭულაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მარტო ცხოვრობს. როგორც იგი “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, მის ყოფას ცხოვრება პირობითად ჰქვია, რადგან ღამის გასათევად ხან ერთ შვილს აფარებს თავს, ხან _ მეორეს.
_ ორი წლის წინ, სტიქიამ ჩემს სახლს სახურავი ახადა. მას შემდეგ ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვ, თუმცა, უშედეგოდ. არა ერთი განცხადების პასუხად მხოლოდ იმას მეუბნებიან, რომ დამეხმარებიან. თუმცა, ყველას დაეხმარნენ ჩემ გარდა, _ აღნიშნავს მარლენ ბურჭულაძე.
მისივე თქმით, დახმარების თხოვნით როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე, გურიის გუბერნიასაც მიმართა:
_ გუბერნატორის მოადგილეს, ქეთევან მოისწრაფიშვილსაც შევხვდი. დამპირდა, დაგეხმარებიანო, მაგრამ მანაც არაფერი გააკეთა. ამ ორი წლის განმავლობაში კი სახლი მთლიანად დაზიანდა _ ახლა იქ ცხოვრება შეუძლებელია. მარტში მეუღლე გარდამეცვალა და სხვის სახლში ვიტირე, _ ამბობს მარლენ ბურჭულაძე, რომელიც სიმსივნითაა დაავადებული.
_ რომ შემეძლოს, არავის ვთხოვდი დახმარებას. სიმსივნე მაქვს და არა ერთი ოპერაცია გავიკეთე. საკმაოდ კარგი მეურნეობა მაქვს. ტონანახევარი თხილი მომყავდა, მაგრამ წელს 100 კილოგრამიც ვერ მოვკრიფე _ სულ გამიხმა. ჩემი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც ერთი კვირა არ მყოფნის წამლისთვის. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ვის ვთხოვო დახმარება. ერთადერთი თქვენი იმედი დამრჩა _ იქნებ, მიაწვდინოთ ხელისუფლებას ხმა და უთხრათ, რომ მე დახმარება ახლა მჭირდება. იქნებ, მომისწრონ სანამ ცოცხალი ვარ, თორემ მკვდარს რომ დაუმარხავს არავინ დამტოვებს, ვიცი, _ ამბობს ბატონი მარლენი.
მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში სოციალური დახმარების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა, მაღალი ქულები მიიღო:
_ ორჯერ დავწერეთ განცხადება და მაღალი ქულები მოვიდა. გვითხრეს, ამის მიზეზი ისაა, რომ სახლში არ ხართო. სახლში როგორ გავჩერდე, როცა არ მაქვს და სადაცაა დაინგრევა? სახლი რომ მქონდეს, არავის დახმარება არ დამჭირდებოდა. ჩემი მეუღლე, სანამ ცოცხალი იყო, ვერ გამომყავდა იმ დაშლილი სახლიდან _ ეგებ, მოვიდნენ შემოწმებაზე და სახლში უნდა დავხვდეო. ყოველ დღე იმედი ჰქონდა, რომ დაგვეხმარებოდნენ და ამ იმედით მოკვდა. მეც დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია და რაც დამრჩა, მინდა, რომ ჩემს სახლში გავატარო. გთხოვთ, დაეხმარეთ და მომეცით ამის საშუალება. ბევრჯერ წავიკითხე “გურია ნიუსში”, რომ ხალხს ეხმარებიან, სახურავებს ურიგებენ, სამშენებლო მასალებს აძლევენ. მე არ ვარ ამათი მაცხოვრებელი თუ რატომ ამიგდეს ასე? იმიტომ, რომ არავინ მყავს პატრონი და არც ერთი ჩემი ნათესავი არ მუშაობს გამგეობაში?! _ აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას თქმით, მარლენ ბურჭულაძე ხიდისთავში 10 წელია, რაც არ ცხოვრობს:
“მარლენ ბურჭულაძემ გასულ წელს მოგვმართა განცხადებით, სახლის სახურავის დაზიანების თაობაზე. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობის შემსწავლელი კომისია ადგილზე იყო გასული და აღმოაჩინა, რომ აღნიშნულ მისამართზე მოქალაქე ბურჭულაძეს, თითქმის, 10 წელია არ უცხოვრია და სახლი იმდენად დაზიანებული აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სახურავის მიწოდება მიზანშეუწონელი იყო. ბოლო წლები ბურჭულაძე ცხოვრობს სოფელ ჯვარცხმაში.
გარდა აღნიშნულისა, მარლენ ბურჭულაძეს 4-ჯერ გაეწია დახმარება: 2016 წელს _ 400 ლარი მივეცით მედიკამენტების შესაძენად, ამავე წელს _ 200 ლარი გამოკვლევებისთვის; ასევე, 2016 წელს ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით; 2017 წელს _ 300 ლარი მედიკამენტების შესაძენად”, _ აღნიშნულია გამგებლის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ ოფიციალურ კომენტარში.