“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წინასაარჩევნოდ, საინფორმაციო ბიულეტენში ის ფაქტები ასახა, რომელიც მათმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. ბიულეტენში ასახულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები; წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევის შემთხვევები; ზეწოლისა და იძულების სავარაუდო ფაქტები.
ანგარიშში მოხდა ოზურგეთში “ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენის დროს მომხდარი ფაქტი.
“10 სექტემბერს, გაზეთ „გურია ნიუსში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქ. ოზურგეთში, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გია გიორგაძე გამგეობის ბალანსზე მყოფი სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით იყო მისული (ფაქტს ადასტურებს მოწმე და ასევე არსებობს ფოტო მასალა).
საია-მ შეისწავლა ზემოაღნიშნული ფაქტი და მიიჩნია, რომ ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმის წარმოების დაწყების მიზნით, განცხადებით მიმართა #62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიას. #62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაატარა მოკვლევა და დაადგინა, რომ გია გიორგაძე არ მონაწილეობდა 10 სექტემბრის შეხვედრაში. გია გიორგაძის განმარტებით, იგი იმყოფებოდა ქ. ოზურგეთში პირად საქმეზე. შესაბამისად, #62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია ჩოხატაურის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.
საია-მ მიიჩნია, რომ #62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სრულყოფილად არ შეისწავლა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, არაჯეროვნად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისად, მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის შესახებ. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საია-მ გაასაჩივრა ცენტრალურ
საარჩევნო კომისიაში და მოითხოვა შემდეგი: 1. #62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების #131 ბათილად ცნობა; 2. საია-ს ოზურგეთის ოფისის ა.წ. 18 სექტემბრის განცხადებაში #გ/04-09 (ოლქში რეგისტრაციის #529) აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება;
3. #62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის დაკისრება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისთვის.
ცესკომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საია-ს საჩივარი: გაუქმდა #62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 27 სექტემბრის #131 გადაწყვეტილება. #62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაევალა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში დასახელებული მოწმის გამოკითხვა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება. საია აგრძელებს ზემოაღწერილი საქმის მონიტორინგს და საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას წარუდგენს“, _ აღნიშნულია საია-ს მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენში.