სტიქიას ებრძვიან ჩოხატაურში. ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში ათობით ოჯახია დაზარალებული. სოფელ იანეულში 4 ოჯახი სახლის სახურავის გარეშე დარჩა.
ძლიერმა ქარმა პრობლემები ორ ოჯახს შეუქმნა სოფელ გოგოლესუბანში _ მათ სახლებსაც სახურავი აქვს გადამძვრალი.
ამავე სოფელში დაიტბორა ორი საცხოვრებელი სახლი.
ქვენობანში დატბორილია სამ ჰექტარზე მეტი საყანე ფართობები.
სოფელ შუაფარცხმაში მეწყერია ჩამოწოლილი და ერთ ოჯახს საფრთხე ემუქრება.
დატბორილია დაბა ჩოხატაურის რამდენიმე ქუჩა.
ჩოხატაურში ახლაც ძლიერი წვიმაა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, უკვე შექმნილია საგანგებო შტაბი.