დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წლის პირველ 7 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით გაიზარდა.
როგორც “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ჯამში 489 909 ვიზიტორი ესტუმრა.
მათივე ცნობით, 2017 წლის 7 თვის მონაცემებით, ვიზიტორების 61% (301 557 ვიზიტორი) ქართველი, ხოლო 39% (188 352 ვიზიტორი) უცხოელია. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის 7 თვესთან შედარებით 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 45%-ითაა გაზრდილი.
უცხოელ ვიზიტორებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან დაფიქსირდა.
ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს (81 110), მარტვილის კანიონს (74 580), ყაზბეგის ეროვნულ პარკს (72 102), სათაფლიას (55 815) და ოკაცეს კანიონს (38 088) ესტუმრა.
2017 წელს ვიზიტორთა ცენტრისა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება მარტვილის კანიონზე.
ü 1 წელიწადში კანიონის ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა 1 404 278 ლარი შეადგინა. მათ შორის 606 000 ლარი მიიღო შპს „ოფუცხოიმ“, რომელიც აერთიანებს იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც მანამდე ნავით მომსახურების სერვისს სტიქიურად ახორციელებდა. შპს „ოფუცხოიში“ 80 ადამიანია დასაქმებული და თითოეულის ინვესტიცია 1100 ლარი იყო.
ü 3 500 000 ლარი შეადგინაკანიონის მიმდებარედ განვითარებული ადგილობრივი ბიზნესის შემოსავალმა.
ü 50-დან 120-მდე გაიზარდა მარტვილის კანიონში და მის მიმდებარედ დასაქმებულთა რაოდენობა.
ü 2016 წლამდე მუნიციპალიტეტში სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდა. დღეს მათი რიცხვი 25-ია.