ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. მიუხედავად მთავრობების, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, ექიმების აქტიური მუშაობისა, აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ, ეკონომიკურ და სამედიცინო გამოწვევად.
საქართველო უკვე 28-ე წელია, რაც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს უერთდება.
ხვალ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს კონფერენციით და მნიშვნელოვანი ღონისძიებებით აღნიშნავს.
1 დეკემბერს, 11.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს კონფერენციით აღნიშნავს, სადაც საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და მიღწევებზე იქნება საუბარი.
„დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“,_ ამ დევიზით მიმდინარეობს საქართველოში წელს შიდსთან ბრძოლისადმი მიძღვნილი კვირეული.
გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) მოწოდებით 2019 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია “თემის ჩართულობა მნიშვნელოვანია!”
როგორც „გურია ნიუსს“ შიდსის ცენტრიდან აცნობეს, საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სფეროში. მკურნალობა ტარდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ხოლო მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისათვის გამოიყენება მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული მეთოდები.
საქართველოში ადრეული მკურნალობის პრინციპების დანერგვამ განაპირობა აივ ახლად ინფიცირების სავარაუდო რიცხვის შემცირება (15%-იანი კლება 2012 წელთან შედარებით) და ამით საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში შიდსის ეპიდემიის დასრულების პერსპექტივას. საქართველოში აღნიშნული სამიზნეების შესრულების ანალიზი ცხადყოფს, რომ აივ/შიდსის შემთხვევების გამოვლენის დაბალი მაჩვენებელი სადღეისოდ მთავარი გამოწვევაა. საქართველოში აივ/შიდსით ავადმყოფების მხოლოდ 59%-ია გამოვლენილი.
საქართველოში გამოვლენის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, დიაგნოზის შემდგომ კლინიკურ სერვისებში მაღალი ჩართულობის დამსახურებით მკურნალობით მოცვისა და ვირუსის სუპრესიის მაჩვენებლები საქართველოში მნიშვნელოვნად აღემატება აღმოსავლეთ ევროპის საშუალო რეგიონულ მაჩვენებლებს.
„კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ მივაპყროთ საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანის ყურადღება ამ სერიოზული პრობლემას, კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ შიდსის რეალური საფრთხე. საქართველოში შიდსთან ბრძოლისათვის აუცილებელია: სახელმწიფოს და საზოგადოების გააქტიურება აივ/შიდსის პროფილაქტიკის მიმართულებით; ადრეული დიაგნოსტიკა; შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა; აივ ინფიცირებულ ადამიანთა მხარდაჭერა. ნუ გადადებთ ხვალისთვის, ჩაიტარეთ აივ ტესტირება დღესვე! გამოვიკვლიოთ ყველა, ვუმკურნალოთ ყველას, დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!“_ აცხადებენ შიდსის ცენტრში.
წელს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8028 შემთხვევა, მათ შორის 6023 მამაკაცია და 2005 ქალი.
აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 9400. შიდსი განუვითარდა 4184 ავადმყოფს და 1611 გარდაიცვალა.
უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა.
2019 წლის პირველ 11 თვეში უკვე გამოვლინდა აივ/შიდსის 570 ახალი შემთხვევა.
საქართველოში აივ ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჰეტერო სექსუალური კონტაქტები – 48.0%, შემდეგ მოდის ნარკოტიკების ინექციური მოხმარება – 38.2%, შემდეგ სექსი მამაკაცებს შორის – 11.3%, ვერტიკალური გზით (დედიდან ბავშვზე) დაინფიცირდა 1.3%, აივ ინფიცირებული სისხლის გადასხმით 0.5%, ხოლო 0.7%-ში დაინფიცირების გზა დაუდგენელია. აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.