ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობა 8 ადამიანს უნდა, თუმცა, მერობის კანდიდატების დებატებზე დღეს მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატი _ ირაკლი კუჭავა მოვიდა. ერთადერთი კანდიდატი, ვინც არმოსვლის მიზეზად გადაუდებელი საქმე დაგვისახელა “შენების მოძრაობის” კანდიდატი გოჩა მეგრელიშვილი იყო, რომელმაც სტუდიაში მხარდამჭერები გამოაგზავნა, რომლებსაც გადაცემის მეორე ბლოკში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა არც ეს შედგა _ მეგრელიშვილის წარმომადგენელმა, მალხაზ ჩხიკვაძემ ირაკლი კუჭავასთვის კითხვის დასმა არ მოისურვა და სტუდია სარეკლამო ჭრის დროს დატოვა.
აქვს თუ არა მეორე ტურის მოლოდინი “ქართული ოცნების” კანდიდატს; რატომ ფიქრობს რომ მას და მის გუნდს ალტერნატივა არ ჰყავს; როდის აუნაზღაურებს ხელისუფლება სტიქიისგან მიყენებულ ზარალს მოსახლეობას; რატომ დაზიანდა ბოლო 5 წლის განმავლობაში გაკეთებული ობიექტები; უპირისპირდებიან თუ არა ირაკლი კუჭავას მისივე გუნდის წევრები; მისცეს თუ არა გარანტიები “ოცნების” სიიდან ამოღებულ კანდიდატებს; რა პოსტი დაწერა გამგეობის თანამშრომელმა სოციალურ ქსელში და რას პასუხობს მას მერობის კანდიდატი _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადაცემაში ირაკლი კუჭავამ ისაუბრა.