დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პრემიერ-მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ისინი გიორგი კვირიკაშვილს დეკანოზის დაკავების პირველივე დღეებში გაკეთებული საჯარო განცხადების გამო ბრალდებულის პატივის და ღირსების შელახვაში ადანაშაულებენ.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, სადაც პრემიერ-მინისტრის გარდა კიდევ 5 მაღალჩინოსანს ადანაშაულებენ, პატივის და ღირსების შელახვაში. ბოდიშის მოხდას ითხოვენ საპატრიარქოს იურისტისგან ედიშერ ქარჩავასგანაც დეკანოზის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების, მათ შორის 50 მილიონთან დაკავშირებიული განცხადების გამო. საქალაქო სასამართლომ სარჩელის განხილვაზე ადვოკატებს უარი უთხრა, რის შემდეგაც იურისტებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
ბრალდებული დეკანოზის პროცესზე ამ წუთებში ბრალდების მოწმეები იკითხებიან. პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, დაიკითხება მოწმე, ვისაც გიორგი მამალაძე გველის შხამის შეძენაში დახმარებას სთხოვდა. დაკითხავენ ასევე დეკანოზის მძღოლი და მეგობარი. დღესვე ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია დაიკითხება დეკანოზის საქმეზე მის Facebook სტატუსთან დაკავშირებით. როგორც გამზარდიამ განაცხადა, დეკანოზის დაკავებამდე 2 დღით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი, რომლის სადაც ამბობდა, რომ პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა. მოწმის თქმით, მისი სტატუსი მისსავე მოსაზრებას ეყრდნობოდა და არა რაიმე ფაქტობრივ მასალებს. გამზარდიას განცხადებით, მან გამოძიებას ჩვენება მისცა და იგივეს დაადასტურებს სასამართლოშიც. “ანალიტიკოსი ვარ და ანალიზს რაღაც ფაქტებიდან და მოსაზრებებიდან გამომდინარე ვაკეატებ. ჩემს მოსაზრებას ეყრდნობოდა სტატუსიც რის ირგვლივაც დავიკითხები”, _ განაცხადა გამზარდიამ.
დღევანდელ პროცესზე სულ ბრალდების 10-მდე მოწმე დაიკითხება.
დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რასაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზოციციური პარტიები აპროტესტებენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების _ ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.