აღდგომის დღესასწაული ახლოვდება. საქართველოს ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურღია ტაძრებში მრევლთან ერთად ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ ეკლესიაში მისულმა ადამიანებმა დისტანციის დაცვით ერთად საკმაოდ დიდი დრო უნდა გაატარონ.
მრევლს შეუძლია ტაძარში საღამოს 9 საათამდე მივიდეს, ხოლო სახლში წასვლის უფლება დილის 6 საათის მერე აქვს, იმისთვის, რომ არ დაარღვიონ საგანგებო რეჟიმში ამოქმედებული კომენდანტის საათის წესი.
მიღებულმა გადაწყვეტილებამ მედიცინის ექსპერტების კრიტიკა გამოიწვია და მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო მრევლისთვის პირბადეების დარიგებას აპირებს, უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვენ უმძიმესი შედეგების თავიდან ასარიდებლად.
როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურღია სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, მრევლთან თუ მრევლის გარეშე, უქმნის თუ არა საფრთხეს მრევლს ერთ სივრცეში დიდი ხნის გატარება და ასევე, საერთო კოვზით ზიარება _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ვახტანგ მაღლაკელიძეს ესაუბრა.
„საქართველოში სააღდგომო ლიტურღია ყველგან ტარდება მრევლთან ერთად, დისტანციის დაცვით.
ეკლესია არის ჩვენი დედა, ღმერთი არის მამა. მამასთან და დედასთან მისული შვილი, შეიძლება ავად გახდეს? დაინფიცირდეს? ეგ ურწმუნოები ამბობენ, რომ ზიარებით ადამიანი ინფიცირდება. როდესაც დედამიწაზე შავი ჭირი და სხვადასხვა ეპიდემიები იყო, დადიოდნენ მღვდლები, აზიარებდნენ და იმათ არაფერი ემართებოდათ. არცერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი არ დაავადებულა. ახლა რომ თქვეს თბილისში, ისიც კი არ ყოფილა ავად. ეს არის ურწმუნო ადამიანების მოგონილი. უნდათ, რომ ეკლესიაში ადამიანები არ შეუშვან. პირიქით, მეტრაბახება ის, რომ მსოფლიოში 15 ეკლესიაა მართლმადიდებლური და მხოლოდ საქართველოში ტარდება წირვა ხალხთან ერთად. ზოგს მარტო პატრიაქრი ატარებს, ზოგს მარტო მღვდელი, ეპისკოპოსი და მე, როგორც ქართველს მეტრაბახება. არავინ ავად არ გახდება ამით“,_ ამბობს დეკანოზი ვახტანგი.
შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე მრევლის ჯანმრთელობას ერთ სივრცეში ხანგრძლივი დროის გატარებით, თუ მათ შორის, აღმოჩნდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი, რომელმაც, შესაძლოა, დიაგნოზის შესახებ ჯერ არ იცოდეს, დეკანოზი ამბობს, რომ შესაძლებელი ყველაფერია და აღნიშნავს, რომ ისეთი პანიკა, როგორიც საქართველოშია, არცერთ ქვეყანაში არ არის.
„შესაძლებელი ყველაფერია. რა გგონიათ, რომ ნარკომანიით ცოტა ადამიანი იღუპება? გარყვნილებისგან და ღამის ბარებისგან, ახლა რომ დაკეტეს, ნაკლები ადამიანი იღუპება? რამდენი ადამიანი დაიხოცა სულ კორონავირუსისგან? ამაზე მეტი ავარიებში კვდება. ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რითაც ადამიანები დედამიწაზე იღუპებიან. ჩერნობილში ისევ ავარია რომ განმეორდეს, ღმერთმა დაგვიფაროს და კორონავრუსი მოგონილი იქნება. ისეთი პანიკა, როგორიც საქართველოშია ლიბერალების მიერ ატეხილი, არცერთ ქვეყანაში არაა, რომ ეკლესიაში არ მივიდეს ადამიანი. დედას და მამას შვილის ავადმყოფობა არ აწყობს“,_ ამბობს დეკანოზი.
ცნობისთვის, კორონავირუსით ამ დროისთვის მსოფლიოში 2 094 725 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 135 562, გამოჯანმრთელებული კი 520 930.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევა – 336, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 74, გარდაცვლილი – 3, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი კი საქართველოს 3 მოქალაქეა.