წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დმანისში ჩასულ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბანერები და სტიკერები დაახვედრა წარწერით: „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში.“
ცნობისთვის, „სამოქალაქო მოძრაობა“ დმანისში კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში ჩავიდა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქციის ჩასატარებლად.
მომხდართან დაკავშირებით კი ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოქრიაშვილმა სხვა მაჟორიტარებისგან განსხვავებით იგრძნო საით უბერავს ქარი.
„როგორც ჩანს, დაინახა და იგრძნო, საით დაუბერა ქარმა და განსხვავებით სხვა მაჟორიტარებისგან, მას აშკარად ბარგი აქვს ჩალაგებული. ახლა უნდა ჩვენკენ, აქეთა ოპოზიციისკენ ურთიერთობების დალაგება. არ დავმალავ, რომ რამდენიმე დღის წინ დამირეკა კიდევაც და პატივს გცემო, მითხრა, ჩემდა გასაკვირად. არადა ტელევიზორში მას ძალიან მწარედ მოვიხსენიებდი. მთელი ქალაქი აქვს აჭრელებული ამ რაღაცა სმაილიკებით. ამის მიუხედავად, კახა ოქრიაშვილიც არის ზუსტად იმ მაჟორიტარი ფეოდალების კოჰორტის წარმომადგენელი, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან,”_ განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, ბანერები, რომელიც ალეკო ელისაშვილს დახვდა, საკუთარი სახსრებით დააფინანსა, დახვედრის ფორმაცა და ბანერების შინაარსიც მისი ინიციატივაა.
„მსურს, გამოვეხმაურო მედიის წარმომადგენელთა კითხვას იმის თაობაზე, თუ რა სახსრებით დაფინანსდა საპასუხო „სტუმართმოყვარე კამპანია“ ჩვენს მუნიციპალიტეტში – დახვედრის ფორმაცა და ბანერების შინაარსიც გახლავთ ჩემი ინიციატივა, შესაბამისად, ამ ინიციატივასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი პირადად ჩემს მიერ არის გაღებული“,_ აცხადებს ოქრიაშვილი.