დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო კამპანიას იწყებს. დევნილი მოსახლეობისთვის საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციას მიწოდების მიზნით, სააგენტო 72 მოხალისეს აიყვანს.
შერჩეულ მოხალისეებს დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასახული პროგრამების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდებათ. რის შემდეგაც მოხალისეები სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ 8000-მდე დევნილ ოჯახს პირადად შეხვდებიან და საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს გააცნობენ.
საინფორმაციო კამპანიაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება 23 ივლისამდე გრძელდება. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე. შერჩეული მოხალისეები მუშაობას აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებენ და მათი შრომა ანაზღაურდება.
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაში, პარტნიორობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA უწევს.
(R)