ოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს და პროტესტი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა რესპუბლიკის მოედნაზე განაცხადა.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მათ აღარ დაუტოვა არანაირი სამართლებრივი გზა, გარდა იმისა, რომ პროტესტი ქუჩაში გაგრძელდეს.
“ხელისუფლება რომ არაადეკვატურია, დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა იმ განცხადებით, რომელიც გააკეთებინეს კახი კალაძეს. პრაქტიკულად, ხელისუფლებამ ყველა გზა მოიჭრა ხალხთან სალაპარაკოდ. განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებს არანაირი ცვლილებების განხილვას, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება.
ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არა “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”, “ლელოს” ან რომელიმე კონკრეტულ პარტიას დაუპირისპირდა, არამედ ამ ხალხს დაუპირისპირდა და უთხრა, რომ მე ამ ქვეყანაში რასაც და როგორც მინდა ისე გავაკეთებ. ახლა არჩევანი ჩვენზეა, რა პასუხს გავცემთ. დღეს აქციაც იქნება, პიკეტირებაც იქნება. დაგვშლიან? ხვალ კიდევ მოვალთ. თუ იმ სურათის ნახვა უნდა ივანიშვილს, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, ყოველდღიურად როგორ არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს თბილისის ცენტრში, კი ბატონო, იქნება ეს სურათი,” – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.