საქართველოში დღეს დედის დღეს აღნიშნავენ. ქვეყანაში დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დედის დღე ცალკე აღინიშნება. 3 მარტი ოფიციალური უქმე დღეა.
დედის დღე როგორც დღესასწაული პირველად აღინიშნა 1908 წელს, როდესაც ანა ჯარვისმა დედისთვის მემორიალი გახსნა დასავლეთ ვირჯინიის გრაფტონში, წმინდა ანდრიას მეთოდისტურ ეკლესიაში. როგორც დღესასწაული კი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1905 წელს აღიარეს, როდესაც ანა ჯავრისის დედა გარდაიცვალა. ცნობისთვის, ანა ჯავრისი სამშვიდობო აქტივისტი იყო და ომში დაჭრილ სამხედროებს მკურნალობდა. ანა ჯარვისს სურდა, რომ დედის პატივი მიეგო, დაწყებული საქმის გაგრძელებით და გამოეყო დღე, რომ პატივი მიეცა ყველა დედისთვის, რადგან მას სჯეროდა, რომ დედა არის “ადამიანი, ვინც შენზე მეტს გააკეთებს, ვიდრე ვინმეს მსოფლიოში.“ 1908 წელს კონგრესმა უარყო დედის დღის დღესასწაულად გადაქცევის წინადადება. ხუმრობდნენ, რომ მაშინ დედამთილის დღეც უნდა დაწესებულიყო. დეკლარაციას ხელი კი 1914 წელს მოეწერა, თუმცა, ანა ჯავრისის მეშვეობით 1911 წელს დედის დღე ყველა შტატში აღინიშნა. 1920 წელს კი დედისთვის მისალოცი ბარათების გაყიდვა დაიწყო, თუმცა, ჯავრისი მიიჩნევდა, რომ კომპანიები თარიღს არასწორად იყენებდნენ, რომ დღესასწაულის აქცენტი მოგებაზე კი არა კეთილდღეობაზე უნდა ყოფილიყო დასმული და სიცოცხლის ბოლო წლები დღესასწაულის კალენდრიდან ამოღებისთვის ბრძოლას შეალია.
დედის დღის სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევა, თუმცა, დედის დღე სხვა სახელმწიფოებშიც გავრცელდა და სხვადასხვა დროს აღინიშნება, მაგრამ, რუსეთში დედის დღის ნაცვლად 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
მიუხედავად იმისა, რომ დედის დღის, როგორც დღესასწაულის სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატები სახელდება, აღსანიშნავია, რომ ძველი ბერძნები და რომაელები დედა ქალღმერთების რიას და კიბელეს საპატივცემულოდ წვეულებებს მართავდნენ, მაგრამ დედების დღის ყველაზე თანამედროვე პრეცედენტი არის ადრეული ქრისტიანული ფესტივალი, რომელიც ცნობილია “დედათა კვირის“ სახელით.
დროთა განმავლობაში “დედათა კვირა” დიდი ბრიტანეთიდან გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებში და იქცა ტრადიციად, როდესაც ბავშვები დედებს ყვავილებს ართმევენ, საბოლოდ კი ეს ტრადიცია შეერწყა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკანონებულ დედის დღეს.