დღეს, დეკანოზის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაიკითხება.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურორები იტყუებოდნენ, როდესაც თქვეს, რომ ოხანაშვილს ჩვენების მიცემა არ სურს. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე უკვე დაუკავშირდა სოსო ოხანაშვილს და ის მზად არის სასამართლოს წინაშე ყველა კითხვას უპასუხოს. მისი დაკითხვა skype-ით მოხდება.
დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესზე 21 ივლისს ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე დაკითხეს.
სასამართლო სხდომები დახურულია.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.