დღეს მართალმადიდებელი ერი დავით აღმაშენებელის დღეს აღნიშნავს. დავითობას განსაკუთრებით ქუთაისში აღნიშნავენ.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, ქუთაისის მერიის ორგანიზებით.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტის მაჟორიტარებმა და კადეტებმა პატივი მიაგეს დავით აღმაშენებლის ძეგლს და საფლავს. საზეიმო წირვა აღევლინა გელათის სამონასტრო კომპლექსში. გელათის აკადემიაში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფოტო-გამოფენა ,,გალობის გელათური სკოლა” მოეწყო. ასევე, გაიმართა ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის ფოტო-გამოფენა. მოეწყო საჯარო ლექციები.
დავითი, გიორგი II-სა და ელენე დედოფლის ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და თავისი 16 წლის ვაჟი გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებასა და სახელმწიფო საქმეებში გაცნობიერებაზე უნდა მეტყველებდეს.
დავით IV აღმაშენებლის ტახტზე ასვლა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ქართველ ისტორიკოსებში: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დავითი სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ არავითარი გადატრიალება 1089 წელს არ მომხდარა და გიორგი II-მ ვაჟი გვერდით ამოიყენა, როგორც თანამეფე. ამ კამათს საფუძვლად დაედო ორი სხვადასხვა წყაროს, „გალობანი სინანულისანი“-სა და შიომღვიმის მონასტრისადმი დავითის ანდერძის თავისებური ინტერპრეტაცია.
დავით აღმაშენებლის მემატიანე ამ მოვლენას ძლიერ ხატოვნად აღწერს:
„…ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით ღმრთისა მამისამან, და თჳთ სამეოცდამეათორმეტემან შვილმან ამის დავითისამან, დავით.“
ფოტოების ავტორი: თეიკო ჭეიშვილი, ქუთაისის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.