საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში მივიდა. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ადამიანმა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს და პირად ამბიციებზე უარი თქვას.
“ყველას უნდა ჰქონდეს ერთი ინტერესი, ეს არის სახელმწიფო ინტერესი და პირად ამბიციებზე უარი უნდა ვთქვათ. არის გაცხადებული, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის არ შეიცვლება, ის დარჩება შერეული სისტემით. ყველამ კონსტრუქციულობისკენ უნდა მოვუწოდოთ ერთმანეთს და საკუთარი პასუხისმგებლობა მაღალ რანგში ავიყვანოთ, მოვემზადოთ არჩევნებისთვის”,_ განაცხადა ხუნდაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს, ხუნდაძე ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ის კანონის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს.
“სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ამავე დროს სამართლებრივ სახელწმიფოში სამართლებრივი წესრიგი უნდა შენარჩუნდეს. თუ ეს ირღვევა, კანონი უნდა კანონობდეს და კანონობს კიდეც. სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც ეს ეხებათ, ვალდებული არიან, კანონი დაიცვან”,_აღნიშნა ხუნდაძემ.
აქვე, დეპუტატმა განმარტა, რომ სახელწმიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია.
“წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას, რასაც ხელისუფლება, მმართველი გუნდი არ დაუშვებს”,_განაცხადა ხუნდაძემ.
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი, მანამდე კი, პარლამენტის ბიურო უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას, სხდომა ჩაატარონ.
წყარო:1tv.ge