“საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2016 წლიდან ჩვენ დავიწყეთ რეფორმების განხორციელება, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც „4 პუნქტიანი გეგმა – ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვისთვის“, _ ეს განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასთან გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილი საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ საკუთარ ხედვას წარუდგენს.
“აღნიშნული სამოქმედო პროგრამა მოიცავს როგორც მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან რეფორმებს, რომელთაც ჩვენ 2017–2020 წლამდე განვახორციელებთ. ამ გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს – საქართველოს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე დააყენებს“, _ განაცხადა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ქუმსიშვილმა.
მთავრობის ნდობის გამოცხადების საფუძველი განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა.
ქუმსიშვილის თქმით, ეს გაერთიანება მექანიკურად არ მომხდარა. „მას უძღოდა სერიოზული მსჯელობა და ანალიზი, როგორ გაგვეხადა უფრო მეტად ეფექტიანი და მოქნილი ამ უწყებებში შემავალი დარგების მენეჯმენტი, კერძო სექტორისთვის კი კიდევ უფრო გაგვეიოლებინა კომუნიკაცია საჯარო სექტორთან, მაქსიმალურად შეგვემცირებინა ბიუროკრატიული ბარიერები ისე, რომ ყველას – ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული“,-აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობის საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში მოსმენა მიმდინარეობს.